2023 წლის 10 აპრილს, საგარეო უწყებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბუიარ ოსმანის შეხვედრა შედგა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული იქნა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და აღინიშნა,რომ საქართველო გააგრძელებს ეუთოს სამივე განზომილების ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობას.
"მსურს გამოვხატო საქართველოს მხარდაჭერა თავმჯდომარეობის პრიორიტეტებისადმი და აღვნიშნო, რომ ჩვენ მზად ვართ, გვერდში დავუდგეთ ეუთო-ს თავმჯდომარეობას ხალხის საჭიროებებსა და ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომის განხორციელებაში, განსაკუთრებით იმ ადამიანებისა, ვინც დაზარალდა ომისა და კონფლიქტის შედეგად." - განაცხადა შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ეუთო-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშესაწყობად ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას და ამ საკითხის ეუთო-ს თავმჯდომარეობის დღის წესრიგში მაღალ დონეზე დაყენებას.
მინისტრის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
ქართული მხარის მიერ აღინიშნა, რომ ამ რთულ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეუთო-მ ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შეინარჩუნოს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების კონსოლიდირებული მიდგომა არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებისა და მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
ილია დარჩიაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიას ეუთო-ს სხვადასხვა ფორმატში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიწოდა ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს მიერ უკრაინის მხარდასაჭერად განხორციელებული ქმედებების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებას.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, ასევე აღინიშნა წარმატებული კონსულტაციების პირველი რაუნდი საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს შორის. გამოითქვა მზაობა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების და და გაღმავების მიმართულებით.
“ჩვენ ძალიან გვახარებს რომ ბოლო პერიოდში ორ სამინისტროს შორის დაიწყო ინტენსიური დიალოგი. რადგან ჩრდილოეთ მაკედონიის განვლილი გზა,როგორც ევროინტეგრაციის,ისე ნატოს მიმართულებით ძალიან ღირებულია ჩვენთვის და მადლობელი ვარ, რომ დღესაც მივიღე ჩემი ძვირფასი კოლეგისგან მზაობა იმისი, რომ ეს ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხარდაჭერას, იმედი მაქვს მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გამოვთქვით ინტერესი და გვაქვს სურვილი,რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და გაღრმავდეს“ - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ამასთან, ბუიარ ოსმანს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.
ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.