ვადის ამოწურვის შემდეგ რომ სალომეს ეძახი, ლეგიტიმური პრეზიდენტიაო, თუ ლეგიტიმურია, შეიწყალოს მიშა, რატომ არ იწყალებს"?  - ამის შესახებ გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

 შეკითხვაზე, გაუცრუა თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა იმედები ოპოზიციას, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ იგივე 31 მარტის აქციაზე კონკრეტული გეგმა და სტრატეგია იქნებოდა წარმოდგენილი, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ის უკვირს, სალომე ზურაბიშვილის იმედი რომ ჰქონდათ.

„ჩემთვის არ გაუცრუებია იმედი, მაგალითად, რადგან იმედი არ მქონდა. რამდენი იმუშავა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ქალბატონი სალომე პრეზიდენტი გაეხადა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დასჭირდა ამისთვის და ქალბატონ სალომესაც იმედი არაფერზე არ გაუცრუებია; რაღაც განცხადებების გარდა, არცერთ პრინციპულ საკითხზე „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობას არ უწევდა“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

იაგო ხვიჩიას თქმითვე, სალომეს ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა ისე ამოიწურა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეუწყალებია.

„ვადა ისე ამოიწურა, რომ მიშა არ გაათავისუფლა. „ნაცებს“ უბრალოდ როგორ შეიძლება იმედი ჰქონოდათ, გარდა ერთადერთი შანსისა, რომ მიშას ჰქონდა იმედი და ასე რომ ვთქვათ, ინდობდა სალომეს. ვადის ამოწურვის შემდეგ რომ სალომეს ეძახი, ლეგიტიმური პრეზიდენტიაო, თუ ლეგიტიმურია, შეიწყალოს მიშა, რატომ არ იწყალებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით,  ოპოზიციური პარტიები დაარღვევენ თავიანთ სიტყვას და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, რადგან საქმე საქმეზე რომ მიდგა, ვერ ნახა პარტია, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას.

„მე მგონი, უარს არავინ არ ამბობს. უარის თქმით გამორჩეული იყო მაგალითად, ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც თქვა, მე ახლა ვამბობ უარს, მაგრამ რომ მივხვდე, რომ აქციებს წარმატება არ უწერია, მაშინ მივიღებ მონაწილეობასო. ანუ, სინამდვილეში, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას, არამედ იმას, რწმენა რამდენ ხანს გაუგრძელდება აქციების წარმატების. ლევან ხაბეიშვილმა ჩემთან ეთერში თქვა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ არჩევნებში არ მივიღებ მონაწილეობასო, ჩვენ ამაზე განვიხილავთ ვთქვითო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.