საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, შესაძლოა, სააკაშვილის განცხადების მიზანია – ხალხო, არ შეგეშინდეთ, კეთილი ვარ და სამსახურში დაგტოვებთო, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ხვიჩია გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს, რომლითაც ის საჯარო მოხელეებს მიმართავს: „ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება“.
„გეტყვით, საჯარო მოხელეებმა, სააკაშვილის დაპირების ნაცვლად, რა უნდა დაიჯერონ: არჩევნებზე ბევრ 36-ს თუ შემოხაზავენ, მათ სამი წლის განმავლობაში ხელფასს გადავუხდით და სახლში გავუშვებთ, რომ არ იმუშაონ. ხელფასს აიღებენ, რომ ახალი ცხოვრება აიწყონ. ამაზე უკეთესი ვერ იქნება დაპირება სააკაშვილის, რომელიც ამბობს, არ დაგიჭერთო. კაცო, კი არ დავიჭერთ, ფულს მივცემთ, რომ კერძო სექტორში დასაქმდნენ და ცხოვრება მოიწყონ. მგონია, რომ საჯარო მოხელეების დიდ ნაწილს სააკაშვილის მიმართ სენტიმენტები ექნებათ. სააკაშვილის დროს მეც და სხვა საჯარო მოხელეებმაც მუშაობა ისე დავიწყეთ, რომ არ ჩაუწყვიათ და ფული არ გადაუხდიათ. მათ მიმართ ასეთი მოწოდება შეიძლება მუშაობდეს კიდეც. შეიძლება მისი განცხადების მიზანი იყოს – ხალხო, არ შეგეშინდეთ, კეთილი ვარ და სამსახურში დაგტოვებთო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.