მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ნიშნავს მის საზღვარგარეთ გათავისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უნდა დაიდოს ამის პოლიტიკური საფასური, მხოლოდ სამედიცინო არგუმენტებით საუბარი საკმარისი არ არის, საჭიროა პოლიტიკური შეთავაზების დადება ორივე მხრიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არც ერთ მხარეს არანაირი რჩევის მიღება არ სურს.
„მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას მისი დაკავების დღიდან ვითხოვდით. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის. ვფიქრობ, რომ ამ თემაზე ბევრად სერიოზული საუბარი უნდა დაიწყოს, ვიდრე აქამდე მიმდინარეობდა. უნდა განვმარტოთ ტერმინები, რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა? – ეს ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გათავისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უნდა დაიდოს ამის პოლიტიკური საფასური, მხოლოდ სამედიცინო არგუმენტებით საუბარი საკმარისი არ არის. საჭიროა ორივე მხრიდან მაგიდაზე პოლიტიკური შეთავაზების დადება. ორივე მხარეს არანაირი რჩევის მიღება არ უნდა და ურჩევნიათ არსებული სიტუაციის გაგრძელება. მათ ვურჩევდით, სააკაშვილის საქმე ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს გადაეწყვიტა, სადაც ხალხი გაასამართლებდა სააკაშვილს. ასევე, შევთავაზეთ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა და 12 რეკომენდაციაზე თანხმობის მიცემა. ასეთი სერიოზული საუბარი ჯერ არ დაწყებულა და ველოდები, რომ ცოტა ხანში დაიწყება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.