საზოგადოებაში რომ არ იყოს ეჭვები, გიული ალასანიას საუბრის ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითაც კითხვები მოიხსნება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ჩანაწერის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, რადგან გიული ალასანიან ისეთ საკითხებზე ისაუბრა, რაც ყურადღების ღირსია, მათ შორის ის, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვანია.

„გიული ალასანიამ ჩანაწერის ნაწილი დაადასტურა, მათ შორის ის, რომ უკრაინაში სააკაშვილის დასარწმუნელად ჩავიდა, რაღაცეები არ დაადასტურა და თქვა, რომ არ ახსოვს. იმისთვის, რომ საზოგადოებაში არ იყოს ეჭვები, ეს ჩანაწერი გაიგზავნოს ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის თუ არა ავთენტური, რითაც კითხვები მოიხსნება და ალბათ, გიული ალასანიაც გაიხსენებს, მსგავსი საუბარი იყო თუ არა ორი წლის წინ და მისი ხმა იყო თუ არა ეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურბაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს. ჩანაწერში გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.