ხელოვნური გამიჯვნის პროცესი, ვითომ ახლა „ნაცმოძრაობა“ „ლელოსა“ და ხაზარაძეს თავს ესხმის, ჩვეულებრივი უნიჭო სპექტაკლია. ამას არავინ დაიჯერებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მიმდინარეობა არიან „ლელო“ და გახარია.
„ეს რომ ასეა, საგამოძიებო კომისიის ხუთთვიანმა სხდომებმაც კი დაადასტურა, სადაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს არაერთხელ გაჟღერდა ხაზარაძისა და ჯაფარიძის გვარები, როგორც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების. „თიბისი ბანკი“ ჩართული იყო იმ პროცესებში, რა პროცესებსაც ჰყვებოდა ის ხალხი, ვინც გადაურჩა იმ რეჟიმს. საკრედიტო ხაზები ისხნებოდა ციხეებში პატიმრების მხრიდან და სახელმწიფოს სასარგებლოდ სესხს აღებინებდნენ და ა.შ. იმის შემდეგაც, როდესაც „ნაცმოძრაობა“ ვითომ ოპოზიციაში იყო, ამ დროს საკუთარ ქვეყანას ღალატობდა „ლელო“, მათთან იყო და არის ალიანსში.
ახლა ეს ხელოვნური გამიჯვნის პროცესი, ვითომ „ნაცმოძრაობა“ „ლელოსა“ და ხაზარაძეს თავს ესხმის, ჩვეულებრივი უნიჭო სპექტაკლია. ამას არავინ დაიჯერებს. ეს არის ოთხბარიერგადალახული პარტიიდან „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მიმდინარეობა. ეს აპრობირებული მეთოდია და რა ინფორმაციაც გვაქვს, მათ შორის უცხოეთიდან არის დალაგებული, რომ ამ ოთხბარიერგადალახული პარტიიდან როლები გადაანაწილეს. ის ორი, რეალურად მაშინდელი ძველი „ნაცმოძრაობა“, რასაც ჰქვია „დედა ნაცმოძრაობა“ და „ახლები“, შემდგომში გახარია და „ლელო“, ვითომ არაფერი კავშირი არ აქვთ „ნაცმოძრაობასთან“ და უნდათ, ხალხი შეცდომაში შეიყვანონ, რომ აი, ნახეთ, ხალხო, „ნაცმოძრაობა“ თავს ესხმის „ლელოს“ და როგორ შეიძლება, ისინი ალიანსში იყვნენ ერთმანეთთან. ან მათ შორის გახარიას, რომელიც დღემდე საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ პოლიტიკურად დაქორწინებულია. ეს მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.