აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გამოქვეყნებით, ამერიკამ თქვა, რომ არათუ აპირებს ნატო-ს გაფართოებას, არამედ საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სამომავლოდ ამერიკის ნატო-ში მონაწილეობა. ეს ნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნები ვერ შეასრულებენ იმ პირობას, რაც ამერიკამ ნატო-ს წევრ ქვეყნებს წაუყენა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამას თავად ევროპის ქვეყნები ამბობენ.
„ეს ნიშნავს, რომ ამერიკა, სულ მცირე, ნატო-ს გაფართოებას არ აპირებს, რადგან თავისი გლობალური პრობლემები აქვს გადასაჭრელი. აქედან გამომდინარე, ჩვენც რეალობას უნდა შევხედოთ და ისე ვიმოქმედოთ, როგორც ეს საქართველოს ინტერესებს წაადგება. ხოლო საქართველოს ინტერესებს ის წაადგება, რომ დღევანდელ გლობალურ პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, პრაგმატული პოლიტიკა გავატაროთ. პრაგმატულ პოლიტიკაში კი იგულისხმება, რომ ჩვენ ვაგრძელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას, მაგრამ, ამავდროულად, ყველა პარტნიორთან, ვინც კი საქართველოს აფასებს, ურთიერთობა გვექნება, მათ შორის ისეთ დიდ სახელმწიფოებთან, როგორიცაა ჩინეთი; ასევე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ძალიან კარგი და პრაგმატული ურთიერთობები გვექნება. ეს წაადგება საქართველოს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, ეკონომიკა როგორც მიდის, ისე გაიზარდოს და საქართველო სამშვოდობოს გავიდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ „ევროპაში უნდა დასრულდეს ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმა“.








