ძალიან მალე ბიძინას ვიხილავთ უკრაინის, ევროკავშირის და საქართველოს დროშით, რომელიც ძირფესვიანად მოთხრის ამ ხელისუფლებას - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით მე ჩემი მოსაზრება მაქვს, უახლოეს პერიოდში, ძალიან მალე ბიძინას ვიხილავთ უკრაინის, ევროკავშირის და საქართველოს დროშით, რომელიც დაგმობს, ძირფესვიანად მოთხრის ამ ხელისუფლებას. სათადარიგო მანევრებში ის არის უბადლო, ის ყოველთვის უკანა გასასვლელს იკავებს. მას ჰყავს რამდენიმე პერსონა, რომელიც არც თუ ისე ნეგატიურ განწყობებს იწვევს მოსახლეობაში, მათ შორის ჩემშიც. მაგალითად, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ დავით სერგეენკოს პირადად, იმიტომ რომ არასოდეს წითელ ხაზებს არ გადასულა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ბანაკებში ვართ, სხვადასხვანაირად ვფიქრობთ. არსებობს კუჭავა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო.  არსებობს ბიძინას ადვოკატი, ბატონი ყიფიანი,  რომელიც დღენიადაგ ადასტურებს, რომ ის პროდასავლური ორიენტაციის ადამიანია და რაღაცა ნაშრომებიც აქვს, რაღაცები დაუწერია. ამიტომ, ბიძინას მარქაფა პარტია აქვს. ამ უბედურებმა იკითხონ, ღარიბაშვილმა და მისმა მიმდევრებმა, კუდებმა რა ეშველებათ იმიტომ, რომ აუცილებლად ეს შეფასდება როგორც ქვეყნის ღალატი. ჩვენ აუცილებლად სახლში დავბრუნდებით, ის ევროპის დროშა ჩვენი ოჯახია“,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.