„მინდა მოგილოცოთ თქვენ, ქართველ ხალხს თვითმმართველობის არჩენების მაღალ დონეზე ჩატარება და დამაჯერებელი გამარჯვება. ჩვენი გუნდის გაცხადებულმა პოლიტიკამ, ქვეყანაში მშვიდობამ და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვამ არათუ განამტკიცა „ქართული ოცნების“ რეიტინგი, არამედ საგრძნობლად გაიზარდა კიდეც“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ.
მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში კარგად გამოჩნდა, ვინ სად აწარმოებდა საარჩევნო კამპანიას -„ქართული ოცნება „ქართველ ხალხთან, საქართველოში, ხოლო რადიკალური ოპოზიცია - ქვეყნის მიღმა, მორიგი დავალების მისაღებად. შედეგმაც არ დააყოვნა! 4 ოქტომბერს დაწყებული არჩევნები 4 ოქტომბერსვე, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით და რადიკალური ოპოზიციის დამარცხებით დასრულდა.
„ვისაც გეგონათ, 4 ოქტომბერს, საღამო ჟამს, ჩვენ სადღაც სხვაგან ვიქნებოდით, მინდა დაგასევდიანოთ - დღეს 15 ოქტომბერია, საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეა, პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი და ჩვენც აქ ვართ, პარლამენტის სასახლეში. ქართული ინტერესების გამტარებელ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოქალაქეებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს, ხოლო მილევად რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას მწარე განაჩენი გამოუტანეს, რაც საკრებულოებში მათი წარმომადგენლების კანტი-კუნტობაში გამოიხატება.
ასეთია იმ პარტიების ბედი, რომლებიც თავად ვერ წყვეტენ და უცხოეთიდან კარნახობენ, თუ რა უნდა გააკეთონ. გვახსოვს, საპარლამენტო არჩევნებისას მიუთითეს, არ შესულიყვნენ პარლამენტში, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით არგუმენტად ვერც ერთი „შავი ლაქა“ ვერ მონახეს და ელექტრონულ სისტემას წუნი ვერ უპოვეს, მელანს გასძახეს - ეგ არის შავი და ბურუსით მოცულიო“, - აღნიშნა გრეტა წიწავამ.
მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში ხალხს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მედიაში თუ საჯარო გამოსვლებში, მხოლოდ გადატრიალება, აჯანყება და დამხობა ესმის და ამ ყველაფრის მცდელობაც ვიხილეთ, თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებმა უკანონობას და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას მაღალი პროფესიონალიზმით უპასუხეს.
„სამწუხაროდ, მთელი ეს პროცესები ევროპული ბიუროკრატიის ზოგ-ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან იყო წახალისებული და მხარდაჭერილი - პოლიციელების დაწვა, შენობების დაზიანება, მოლოტოვის კოქტეილი კი ქვეყნის ავმოსურნეების სიმბოლოდ იქცა. საინტერესოა, მათ ქვეყანაში პარლამენტის სასახლეზე შტურსა და პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას როგორ შეაფასებენ ? ან კანონი რას ამბობს?
პატარა, მაგრამ ამაყი ერი ვართ და ჩვენი სიმტკიცე ჩვენი სამშობლოს სიყვარულშია. ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის განმტკიცება, გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უცვლელი მისიაა“, - განაცხადა გრეტა წიწავამ.







