საქართველოს საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ საკუთარი ინტერესები დაეყენებინა ყველაფერზე წინ და დღეს ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, – განაცხადა რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ეს არის ჩვენი საზოგადოების მონაპოვარი, რადგან ჩვენი საზოგადოება მომწიფდა იმისთვის, რომ მისმა წარმომადგენლებმა, მისმა დაქირავებულმა გუნდმა ეს განახორციელოს საერთაშორისო ასპარეზზე, დიპლომატიური ასპარეზი იქნება ეს თუ სხვა. ჩვენ ამის მომსწრე ვართ და ამან განაპირობა შენდამი ყურადღება თუ პატივისცემა. აბა, შეხედეთ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორ ხვდებოდნენ თუნდაც, ჩინეთში. ჩემი ბაბუა ჩინეთშია დასაფლავებული, მამაჩემი ჩინეთში დაიბადა და ჩინური კულტურა ძალიან კარგად ვიცი – ჩინელი არ დაგხვდება ცოლთან ერთად, თუ პატივს არ გცემს ძალიან. ეს მათ კულტურაში დევს. აბა, გაიხსენეთ, როგორ ხვდებოდნენ და ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, როგორ აცილებდნენ საქართველოს პრემიერს მოლაპარაკებების მერე. ცერემონიულად ხვდებოდნენ და აცილებდნენ პატივისცემით. ეს ნიშნავს, რომ საქართველომ შეიძინა პოლიტიკური ფუნქცია, ის გახდა პოლიტიკური ერთეული მსოფლიო რუკაზე და არა – გეოგრაფიული ერთეული. საქართველოს ბედს და საქართველოსთან ურთიერთობას წყვეტს ქართული ხელისუფლება და არა – ვაშინგტონი, პეკინი, მოსკოვი, ბრიუსელი თუ მონაკო. აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ გუნდმა მოიტანა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ეს ყველაფერი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა.

„მის ბიზნესთან მიმართებაში ხომ ვნახეთ უკიდეგანო და აბსოლუტური უსირცხვილობა, როცა შვეიცარია შესწირეს ბიძინა ივანიშვილთან ომს?! როდესაც შენ პირველ ადგილზე, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად აყენებ შენს სამშობლოს, შენი ქვეყნის ინტერესებს და არაფერი სხვა არ არის ამაზე ძვირფასი, არც შენი კაპიტალი და არც არაფერი, ამან განაპირობა ის, რომ ის გუნდი, რომლის მწვრთნელიც ბიძინა ივანიშვილია, ზუსტად იმ თამაშს თამაშობს, რა თამაშიც სჭირდება მაყურებელს, რა თამაშიც სჭირდება გულშემატკივარს, მის ქვეყანასა და მის ხალხს. ჩვენ დღეს ამის პირდაპირ შედეგს ვხედავთ“, – განაცხადა გოგა  ხაინდრავამ.