მმართველი პარტია მესამე სექტორს აკრიტიკებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებები მათთვის მტკიცებულებაა თუ როგორ ცდილობენ ოპონენტები შეგნებულად დაძაბონ ურთიერთობა ამერიკის ახალ ელჩსა და ხელისუფლებას შორის. მათივე შეფასებით მესამე სექტორის გზავნილებში პირდაპირ ჩანს, ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის ნაწილს არ სურთ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
„სამწუხაროა, მაგრამ რეალობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციებად მოიხსენიება მათი ყოველწლიური დაფინანსებიდან გამომდინარე, არ აქვთ სურვილი საქართველომ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. მაშინ, როდესაც 1 კვირა არის დარჩენილი ევროკომისიის დასკვნამდე, რომელმაც უნდა შეაფასოს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება, მსგავსი განცხადებების გაკეთება და მიმართვა არის პირდაპირ დისკრედიტაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მათთვის არ არის მისაღები„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ამ ქვეყნის პროგრესი და განვითარებად. და მათი ეს ქმედება პირდაპირ კონტექსტში ჯდება გლობალური ომის პარტიის მიზნებსა და მისწრაფებებთან“, - მიიჩნევს მიქანაძე.
30 ოქტომბერს არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლება მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებაზე არ რეაგირებს.