16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და არჩევნებში უცხოური ჩარევის მაგალითები წარმოადგინა.

გივი მიქანაძემ უცხოურ ჩარევაზე საუბრისას ხაზი გაუსვა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის ქმედებები, აშშ-ის საელჩოს სოციალურ ქსელში განთავსებული ე.წ. „ქარდები“ და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებები.

"დღევანდელი ბრიფინგით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ 16 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციის საქმიანობაში გამოვლენილი წინასაარჩევნო დარღვევები, რაც არჩევნებში უცხოურ ჩარევას, არადეკლარირებულ საარჩევნო აგიტაციას, ნეგატიურ კამპანიას, საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლასა და საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ეხება. 1 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია. მან გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა.

1 ოქტომბრიდან დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავის Facebook გვერდზე სისტემატიურად ათავსებდა ქარდებს, რომლის შინაარსიც კონტექსტიდან გამომდინარე პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლებო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა.

4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის, ვციტირებ „სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“ - განაცხადა გივი მიქანაძემ.