საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ზურაბაშვილის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის შეხვედრა ძალიან პოზიტიური იყო.
მისივე თქმით, იტალიაში გამართულ შეხვედრებზე იტალიის მხრიდან დადასტურდა საქართველოს მხარდაჭერა როგორც ევროინტეგრაციის, ასევე უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.
„გაიმართა შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროში და იტალიის სენატში. შეხვედრები იყო ძალიან პოზიტიური და დადებითი. მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა იტალიის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც ევროინტეგრაციის, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით. ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. ორ ქვეყანას შორის პოტენციალი მართლაც ძალიან დიდია. ეს ეხება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობას. აღნიშნული ვიზიტის დროს ძალიან კარგი შესაძლებლობა გვქონდა, გაგვეცვალა მოსაზრებები, როგორ უნდა გავაგრძელოთ შემდეგში ურთიერთობა. იტალიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოითქვა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით. განსაკუთრებით იმ როლის გათვალისწინებით, რაც საქართველოს აქვს „შუა დერეფნის“ მიმართულებით. ასევე დიდია დაინტერესება საქართველოს საინვესტიციო გარემოთი. შევთანხმდით, რომ ამ კუთხით კონკრეტული ღონისძიებები გაგვემართა. იტალიის მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, სურვილი გამოთქვა არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის სრულად ასათვისებლად. აგრეთვე განვიხილეთ ორი ქვეყნის დღის წესრიგი. ვიზიტის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა, იტალიური მხარისთვის მიგვეწოდებინა სრულფასოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ვითარებაა საქართველოში, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, აგრეთვე როგორ ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და წარმატებულად ჩატარებული რეფორმების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ როგორც იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე იტალიის სენატში იტალიის სახელისუფლებო მმართველი პარტიის მხრიდან საქართველოს მიმართ სრული მხარდაჭერა მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი ზურაბაშვილმა.