„ქართული ოცნება“ და უმცირესობა მასთან ერთად არის რუსეთისკენ, ჩვენ, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ ევროპისკენ - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მაგრამ რაზე ვლაპარაკობთ? გუშინ, რაც ლავროვმა განაცხადა, რაც მას ირაკლი კობახიძემ უპასუხა, პირდაპირი ნათელი დასტური და მაგალითია, რომ ისინი არიან სინერგიაში, არიან ერთნი, მაგრამ ორივენი არიან სუსტები და ცივილიზებული სამყარო და მათთან ერთად ჩვენ, როგორც კობახიძეს, ივანიშვილს, ასევე ლავროვს და პუტინს აუცილებლად დავამარცხებთ. ეს იქნება საბოლოო პასუხი ამაზე. რაც შეეხება ყველას, ვინც ხელის მოთბობას ცდილობს უკრაინელი ხალხის ბედ-იღბალზე, სანქცირებული პროდუქციის გადატანას საქართველოს თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის გავლით რუსეთის ფედერაციაში, ყველას ბედი განწირულია, იმიტომ, რომ ისინი ამ დანაშაულებრივ ქმედებაზე პასუხს აგებენ", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.