ლეგიტიმაციას თუ არ ანიჭებ, სიები უნდა ჩახსნა, ორმაგი თამაში არის, ფაქტობრივად, რაღაც გაუგებარი პროცესი, რომელიც ცუდად დაუმთავრდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, გიორგი გახარიას გუნდმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხსნის თუ არა სიებს.

„პირდაპირ გეუბნებით, მანდატზეც უარი უნდა თქვათ და სიებიც უნდა ჩახსნათ, როდესაც ამის პროცედურული მომენტი იქნება. სხვა ყველა დანარჩენი გზა არის არასანდო, სულ მცირე, იმისთვის დატოვებული, რომ მერე, შეიძლება, ვინმე შეძვრეს იმ სიიდან პარლამენტში. თუ მოიჭრი გზას, უნდა მოიჭრა ეს გზა ბოლომდე და არა სანახევროდ. იმედია, ეს პოლიტიკური ჯგუფი ამ რაღაც თამაშს შეეშვება, იტყვის ან ასე, ან ისე. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ხალხთან ერთად ხარ, მანდატზე უარი უნდა თქვა და სიები ჩახსნა. მორჩა და დამთავრდა. მე სხვა ალტერნატივას არ ვიხილავ, ვერც განვიხილავ, ნებისმიერი სხვა ალტერნატივა არის თამაში, კოლაბორაცია რუსულ რეჟიმთან“, – განაცხადა ვაშაძემ.

კითხვაზე, სიების ჩახსნის საკითხთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდთან კონსულტაციები თუ მიმდინარეობს, ვაშაძე პასუხობს: „ეგენი ხომ შორიდან უჩინმაჩინივით კონტაქტობენ ხოლმე, ჩვენც ეგრე უჩინმაჩინურად გვაქვს კონტაქტი. რაც თქვენ იცით, ის ვიცით ჩვენც“.