ამომრჩეველთა ბარათები ორ ეტაპად რიგდება, რაც არის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ამომრჩეველი საკუთარ თავს თუ ონლაინ სერვისებით არ გადაამოწმებს, ამ ბარათების მეშვეობით უზრუნველყოს ინფორმაციის გადამოწმება, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ყველა შეკითხვა ცესკო-ს“ განაცხადა.
„საინფორმაციო ბარათზე დატანილია ინფორმაცია, როდის იმართება არჩევნები, სად უნდა მისცეს ხმა ამომრჩეველმა, როგორ უნდა გადაამოწმოს თავისი მონაცემები და ა.შ. ძირითადად, მისი დარიგების დრო არის საუბნო საარჩევნო კომისიის სამუშაო საათები, რა დროსაც შეიძლება, ადამიანთა უმეტესობა ასევე იყვნენ დაკავებულნი. ეს ხშირ შემთხვევაში იწვევს იმას, რომ ვერ ვახერხებთ ამ ბარათების კარდაკარის პრინციპით სრულად დარიგების უზრუნველყოფას, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ამომრჩეველს რამენაირად უზღუდავს არჩევნებში მონაწილეობას. ეს უბრალოდ, არის ინფორმირების დამატებითი მექანიზმი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
მისი თქმით, ამ ბარათების დისტრიბუციის და კარდაკარის პრინციპით დარიგებაში მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები და ეს შრომა მათზე გადადის.
ცესკო-ს თავმჯდომარემ კომისიების წევრებს გამოხატული მაღალი პასუხისმგებლობისთვის და პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მართალია, მათი ძირითადი რაოდენობა პროცესში ჩართულია, თუმცა არის ისეთი იზოლირებული შემთხვევები, სადაც ჩართულობას ადგილი არ აქვს და მნიშვნელოვანია, სამუშაოები ყველამ თანაბრად განახორციელოს.
აქვე, ცესკო-ს თავმჯდომარემ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა, რომ საარჩევნო სიებში საკუთარი თავი და ოჯახის წევრები გადაამოწმონ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად დატვირთულია ცესკო-ს ცხელი ხაზი, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ცხელ ხაზზე ზარები საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში შედის.
„სხვათა შორის, ცხელ ხაზში ჩვენ გვყავს სომხური და აზერბაიჯანულენოვანი ოპერატორები, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, რომლებიც სათანადო სერვისებს აწვდიან შესაბამის პირებს. ასევე არის ჟესტური ენის მცოდნე პირი, რომლებიც შშმ პირებს სათანადო ინფორმაციას აწვდის. ჩვენ ფაქტობრივად, სერვისი გვაქვს ყველა მიზნობრივი ჯგუფისთვის. ზარები საკმაოდ ინტენსიურ რეჟიმში შემოდის, რომელიც სხვადასხვა საკითხს უკავშირდება, მათ შორის, ამომრჩეველთა სიებთან მიმართებით, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაც მოჭარბებული რაოდენობით არის, იქიდან გამომდინარე, რომ ამომრჩეველთა სიებში გადამოწმება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ისევე, როგორც პოლიტიკურ გაერთიანებებს და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ასევე ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა, გამოითხოვონ ამომრჩეველთა ერთიანი სიები, დაამუშაონ და წარმოადგინონ რეკომენდაციები, თუ ასეთი იარსებებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
ამასთან, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ 8 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქის ელექტრონული ID ბარათი ან საქართველოს პასპორტი უნდა იყოს მოქმედი, რომ სერვისების სააგენტომ ცესკო-ს გადასცეს, როგორც ამომრჩეველი და ამასთანავე, აღნიშნული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი, უნდა იყოს აქტიური 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის.