ეს არის თავად პოლიტიკური პარტიების არჩევანი, მათი უფლება, მიიღებენ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, რაშიც ოპოზიციამ მისთვის განკუთვნილი კვოტით არ ისარგებლა.
„წმინდა სამართლებრივი კუთხით აღსანიშნავია, რომ თუ ვინმე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ეს მათი უფლებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ კოლეგია სრულად არის დაკომპლექტებული 300 წევრით. ზოგადად კარგია, თუ პროცესი მეტად ინკლუზიური იქნება და მეტი მხარის მონაწილეობა იქნება ამ პროცესში უზრუნველყოფილი.
პარლამენტის წევრები, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, საკრებულოს შემადგენლობიდან შესაბამისი კვოტების ფარგლებში წარმოდგენილი პირები იქნებიან პროცესში მონაწილეები, რაც თავის მხრივ ისედაც უზრუნველყოფს ინკლუზიურ პროცესს, მაგრამ მრავალპარტიული მონაწილეობა თავის მხრივ მისასალმებელია“, - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
ამერიკული მოდელით პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია.