26 ოქტომბერს ამომრჩეველი მხოლოდ პროპორციული წესით მიიღებს მონაწილეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მათთვის სასურველი ერთი პოლიტიკური გაერთიანება უნდა აირჩიონ,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
„26 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება მორიგი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამომრჩეველს გარკვეულ სიახლეებს სთავაზობს. ეს არის პირველ რიგში, კონსტიტუციური ცვლილების გამოძახილი, რომლის თანახმადაც საარჩევნო სისტემა შეიცვალა და ნაცვლად შერეულისა, ამომრჩეველი მხოლოდ პროპორციული წესით მიიღებს მონაწილეობას, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ მხოლოდ მათთვის სასურველი ერთი პოლიტიკური გაერთიანება უნდა აირჩიონ“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმ
მან ასევე ისაუბრა ტექნოლოგიურ ინტერვენციაზე, რომელი ახალი საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველს დახვდება.
„ამასთანავე მნიშვნელოვანი ნაწილი სიახლეების, რომელიც 26 ოქტომბერს ამომრჩეველს დახვდება, არის ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა რეგისტრაციის აპარატების გამოყენებას. მეორე კომპონენტი არის ხმების დათვლის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს სიზუსტესა და შედეგების გამოქვეყნების დაჩქარების შესაძლებლობას და მესამე კომპონენტი, პლანშეტების გამოყენება, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უზრუნველყოფს შედეგების გადაცემას. ცხადია, ამ მიზნით ხორციელდება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები იმისთვის, რომ ამომრჩევლამდე მაქსიმალურად მივიდეს ინფორმაცია ყველა სიახლის შესახებ“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა
მისივე თქმით, განახლებული სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა ამომრჩევლების 90% ექნება, დარჩენილ 10%-ში, კი ტრადიციულად კვლავინდებურად გაგრძელდება კენჭისყრის პროცესი.
„აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი უპირატესობისა, რომელიც აქვს ტექნოლოგიურ საშუალებებს, არცერთ შემთხვევაში ჩრდილი არ უნდა მიადგეს ტრადიციული წესით ჩასატარებელ არჩევნებს, იქიდან გამომდინარე, რომ სრულად უზრუნველყოფილია ყველა მექანიზმი, რომელიც აზღვევს პროცესს გარკვეული მანიპულაციებისაგან“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.