საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკაში“, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას დებატების დაბრუნების შესახებ, მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ დებატების აუცილებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის.
"დებატები არის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჩამოუყალიბდეს თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე. სამწუხაროა, რომ ბოლო წლებია დებატების ფორმატი აღარ არსებობს მედიასაშუალებებში, მაგრამ ეს შემთხვევით არ არის, ამასაც თავისი ახსნა აქვს: გარკვეულმა მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა იმდენად ტოქსიკური გარემო შექმნეს, რომ იმ ვითარებაში დებატების წარმოებაც კი შეუძლებელი იყო.
ჩვენთვის დებატების წარმართვა მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და დებატი არის იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდო“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ პრემიერის ინიციატივის შემდეგ მედიაში ისეთ ფორმატს შექმნიან, სადაც შესაძლებელი იქნება კონსტრუქციული დებატების ჩატარება პოლიტიკურ ჯგუფებს შორის.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: ვალდებული ვართ, ქართველ ხალხს დავუბრუნოთ დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს და მის "ქართველ" აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს







