გულდასმით გავეცანი როგორც ბატონი ბიძინას გამოსვლას, ასევე - პარტიებისა და მათი მედია-რესურსების მიერ გავრცელებულ დამახინჯებულ ვერსიას, ამის საშუალება ყველას აქვს. ეს ცალკე უბედურებაა, რომ ეს ადამიანები ვინმეს სინდისსა და ნამუსზე ელაპარაკებიან, ქვეყნის ჩამბარებლები და გამყიდველები, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში გიორგი გამსახურდიამ, რითაც გამოეხმაურა გორში, ბიძინა ივანიშვილის გზავნილის საპასუხოდ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს
"არ დავიწყებ იმ ადამიანის ვექილობას, რომელსაც ეს არ სჭირდება და ეს მისი სიტყვებითა და საქმით დასტურდება. ადამიანი სახელმწიფოებრივად აყალიბებს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების პოზიციას, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები ჩვენს ოს და აფხაზ ძმებთან. იქ ეს ბინძური კონტენტი ახლოსაც არ დგას, მაგრამ წინასაარჩევნოდ ყველაფრის დამახინჯებას, საზოგადოებისთვის დამახინჯებული ფორმით მიტანას აპირებენ, ფაქტია და თუნდაც, პირველი მერცხალი ეს იყო“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
"დღეს ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. ამიტომ, როდესაც ძმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი“.