„ბათუმში ვიყავი ჩვენი პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე. სასტუმრო „შერატონში“ რომ დავბრუნდი, შესასვლელშივე დამხვდა ადამიანთა რამდენიმე ჯგუფი. შესული არ ვიყავი, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად, ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც მოჰყვა ჩემი შესაბამისი რეაგირება." - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. 

"ამავე დროს, იქვე ჩანდა, რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა. სასტუმროს ლობი დაცლილი იყო საერთოდ ადამიანებისგან, მათ შორის სასტუმროს სტაფისგან. მას შემდეგ, რაც სასტუმროში შევედი და რეაქცია მოვახდინე, უკვე აშკარა იყო, რომ ეს ადამიანები რაღაც უხერხულად მოძრაობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, შემემჩნია, რომ ისინი იყვნენ შეიარაღებული. მას შემდეგ, რაც მოვახდინე რეაქცია და მე ამას არ უარვყოფ, ქაღალდის ჭიქით, დარჩენილი ყავით გავუმასპინძლდი, რის შემდეგაც ისინი ჯგუფურად თავს დამესხნენ.

როგორც ექიმებმა მითხრეს, მე გონება დავკარგე. ამ ყველაფრის მოყოლა იმიტომ მიწევს, რომ დღეს როგორც მიდის გამოძიება, როგორც იქცევა ზოგიერთი პროპაგანდისტული ტელევიზია, ფაქტია, რომ ისინი არ აპირებენ სამართლიანად გამოძიებას. ამაზე მიგვითითებს რამდენიმე რამ. პირველი ის, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. ისინი რასაც იღებდნენ ტელეფონით, აღმოჩნდა ერთი კონკრეტული ტელევიზიის განკარგულებაში. ამასთან, ფაქტია, რომ გაქრა საერთოდ კამერები, კამერის ანაბეჭდები, რა იყო ამ კამერებზე ასახული. უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა „შერატონსა“ და მის მენეჯმენტზე, რათა ეს კამერები გამქრალიყო. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად დაადგენს ყველაფერს – ვინ მონაწილეობდა, როგორ იყო ეს ორგანიზებული, ვის მიერ იყო დაგეგმილი, შეკვეთილი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩემი დაშინების ან განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს შემდეგ პასუხს, რომ მე თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ვპირდები – ძალადობისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნები წინა ხაზზე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ. იმის შემდგომ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაკარგა როგორც რეპუტაცია, ასევე ქართველი ხალხის ის მცირე ნდობა, რომელიც დარჩენილი ჰქონდა, ყველაფერს გავაკეთებ, რათა მან დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი – ფული და ძალაუფლება. ეს არის ჩემი დაპირება საქართველოს თითოეული მოქალაქის მიმართ და გჯეროდეთ, რომ ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, კითხვაზე: „უშუალოდ ფიზიკური დაპირისპირება თქვენ დაიწყეთ პირველად, თუ დიტო სამხარაძემ“, გიორგი გახარიამ აღნიშნა:

„მე მქონდა რეაქცია იმ ორგანიზებულ თავდასხმაზე, რომელიც სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობდა – სიტყვიერად და ასე შემდეგ. ეს რეაქცია გამოიხატებოდა ქაღალდის ჭიქით ყავის შესხმით. დიახ, ეს მე გავაკეთე, რასაც ჰქვია ყავის შესხმა და ქაღალდის ჭიქის ტყორცნა“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის თავდასხმის ფაქტზე როგორ "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რას ძალადობას გულისხმობს. 

გიორგი გახარიას ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

გიორგი გახარია პროკურატურაში გამოიკითხა.