დღეს საქართველოში ვენის კონვენციას თუ ვინმე არღვევს, ესენი არიან გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი, ადამიანები, რომლებიც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს აკრძალულია ვენის კონვენციით.
„ფიშერი, ჰერჩინსკი და კიდევ ორი-სამი ქვეყნის ელჩი საქართველოში საპროტესტო მოძრაობებს პირდაპირ აორგანიზებდნენ, სხვადასხვა არხების მეშვეობით აფინანსებდნენ. ჩვენ ვნახეთ არაერთი შეკრების ფაქტი, მათ შორის კარგი გასახსენებელია ლომჯარიას ბოლოდროინდელი ფაქტიც. დიდი ხანია, გერმანიის ელჩთან და ჰერჩინსკისთან დაკავშირებით ეს შთაბეჭდილება გვაქვს. ჰერჩინსკი არის ადამიანი, რომელიც არღვევს ვენის კონვენციის მთელ რიგ მუხლებს და უხეშად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში.
ფიშერმა გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. ამხელა ზიანი გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში არასდროს არავის მიუყენებია. ელჩი უნდა ასრულებდეს თავის რეალურ ფუნქციას, მუდმივად მუშაობდეს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, ეს ადამიანი ქცეულია რადიკალური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლად და სპიკერად. პირდაპირ მასთან მუშავდება რადიკალების მესიჯბოქსები, თანხმდება და იგეგმება სხვადასხვა ნაბიჯები. არის თუ არა ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.






