საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას, გიორგი ჩაკვეტაძემ საჯარო სკოლებში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება განათლება პასუხობდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს, აერთიანებდეს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას და თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების რეალიზების მრავალფეროვან გზას სთავაზობდეს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისივე თქმით, მიმდინარე წელს პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილებაა მიღებული, რომლის თანახმად, აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში, პირველად მიეცათ შესაძლებლობა, არჩევანი არა მხოლოდ უმაღლეს, არამედ, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზეც გააკეთონ.

აღნიშნული ინიციატივის, სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმების კუთხით მიღწეული შედეგებისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს მადლობა გადაუხადა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„დღეიდან, თქვენთვის ახალი შესაძლებლობებითა და პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი დაიწყო. გისურვებთ მიღებული ცოდნა და პროფესიული უნარები წარმატებით გამოიყენოთ, არასოდეს შეწყვიტოთ განვითარება, თამამად მიჰყვეთ არჩეულ გზას და თქვენი შრომითა და პროფესიონალიზმით ღირსეული წვლილი შეიტანოთ საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაში“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით  მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა.

ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 2024 წელს საპილოტე რეჟიმში საქართველოს 20 საჯარო სკოლაში დაინერგა. პირველ ეტაპზე პროგრამებში 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებმა მიიღეს როგორც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი, ისე პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
დღეის მდგომარეობით, პროგრამები უკვე 80-ზე მეტ საჯარო სკოლაში ხორციელდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები - რიმა ბერაძე, ეკა სეფაშვილი და ლიკა შარტავა ესწრებოდნენ.