ვერც ერთი ბიზნესი, მითუმეტეს ისეთი სერიოზული, როგორიცაა ე.წ. ქოლ-ცენტრების ბიზნესი ვერ იარსებებდა, თუ მწვანე შუქი ივანიშვილისგან არ აქვს ანთებული - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც BBC-ის ხმაურიან გამოძიებას გამოეხმაურა, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.
„BBC ძალიან სერიოზული კომპანია, რა თქმა უნდა, მისი გამოძიება ყველამ სერიოზულად უნდა აღვიქვათ. დავით კეზერაშვილის წარმომადგეენლების თვითონ გაგცემენ პასუხს, მე არ წარმოვადგენ მას.
რაც შეეხება ე.წ. ქოლ-ცენტრებს, ვერც ერთი ბიზნესი, მითუმეტეს ასეთი სერიოზული ბიზნესი, ვერ იარსებებდა, თუ მწვანე შუქი არ აქვს ანთებული ივანიშვილის მიერ. აქედან გამომდინარე, ეს ბიძინა ივანიშვილის გარეშე ასეთი რამ ვერ მოხდებოდა.
ქოლ-ცენტრების უკანონო ბიზნესი ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის და აი ამ ფარცხალაძეების მეთვალყურეობით ყვავის საქართველოში, ისე როგორც სხვა არალეგალური ბიზნესი, მათ შორის რუსეთის სანქციების გვერდის ავლის ბიზნესი და ეს ადამიანები საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჯიბეებს ისქელებენ.
დათოს არ სჭირდება ჩემი დაცვა, ადვოკატიც ჰყავს და წარმომადგენელიც. რაც ნამდვილად ვიცი, რომ მას ეს რეჟიმი დევნის.
რაც ვიცი არის ის, რომ კეზერაშვილს საქართველოში აქვს ბიზნესი "ფორმულას" სახით და ჩვენ უნდა ვიდგეთ "ფორმულელების" გვერდით".- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.