„მაგნიტსკის სია“ თუ პოლიტიკურ ნაწილს დაიტევს, პირველი ივანიშვილი ჩაიწერება, იურიდიულად პასუხისმგებლობა კი იუსტიციის მინისტრს ეკისრება - ამის შესახებ ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„მგონი, დიდი ტვინის ჭყლეტა "მაგნიტსკის სიასთან" დაკავშირებით არც არის საჭირო, ამ სიაში ივანიშვილი უნდა იყოს, დანარჩენი მონები, ვის რა როლი აქვს განაწილებული, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. თუ ეს სია დაიტევს პოლიტიკურ ნაწილს, ბუნებრივია, პირველყოვლისა აქ პირველი ბიძინა ივანიშვილია, თუ იურიდიულ პასუხისმგებლობაზე ვლაპარაკობთ, მაშინ, რა თქმა უნდა, იუსტიციის მინისტრი იქნება სათავეში”,- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა ღია წერილით მიმართა "მაგნიტსკის სიის" ავტორს, ცნობილ ბრიტანელ ფინანსისტსა და პუტინის რეჟიმის კრიტიკოს, ბილ ბროუდერს.
ბროუდერმა ექსპრეზიდენტს სთხოვა, რომ მისმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები იმის შესახებ, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას და ვინ არის პასუხისმგებელი მის მოწამვლასა და წამებაზე. ბროუდერი სააკაშვილს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მაგნიტსკის სანქციებისთვის დასავლური ქვეყნების მთავრობებმა ამას ყურადღება მიაქციონ.