დაინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტები, პარლამენტში მიმდინარეობს განხილვები, სადაც საერთაშორისო სტანდარტებს ვარგებთ უმაღლეს განათლებას, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა და განმარტა, რომ ძალიან მალე საქართველო უცხოელ სტუდენტებთან მიმართებით რეგიონის ფლაგმანი გახდება.
„პირველ რიგში გვინდა სამწლიანი ბაკალავრი დავუშვათ ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებით და ასევე შემოვიტანოთ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამები ასევე ბიზნესის მიმართულებით. ეს პირველ ეტაპზე, ხოლო შემდგომ, როდესაც სისტემა ადაპტირებას გაივლის სხვა მიმართულებებსაც დავამატებთ. ჩვენ ასევე მასშტაბური რეფორმა დავიწყეთ ონლაინ დისტანციური განათლების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის. სრულად ონლაინ პროგრამის შექმნის შესაძლებლობას მივცემთ ძალიან მალე უნივერსიტეტებს. კანონში გაჩნდება ჩანაწერი ონლაინ უნივერსიტეტის თაობაზე, რომელსაც ალბათ გარკვეული ვადა დასჭირდება. იმხელა პოტენციალი აქვს ქართულ განათლებას, რომ იზიდავს ამდენ უცხოელ სტუდენტს, ასეთი ხელშემწყობი ინსტრუმენტებით, დარწმუნებული ვარ ძალიან მალე საქართველო გახდება რეგიონის ფლაგმანი უცხოელ სტუდენტებთან მიმართებაში“, - განაცხადა მინისტრმა.