საქართველოს წინაშე დაყენებული მოთხოვნები არ არის ჩამოყალიბებული ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ ფული უნდა შემოვიტანოთ და თქვენი საქმე არ არის, რა ფულს შემოვიტანთო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საფუძველი აქვს იფიქროს, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია.
„გვეუბნებიან, ლგბტ პროპაგანდა ის პრინციპია, რაც საქართველოს ევროპულობაზე უნდა მიუთითებდეს. ამ დროს უმცირესობის უფლებების შელახვაზე ლაპარაკი არ არის. ამბობენ, საქართველოს საგარეო კურსი ევროკავშირისას არ ემთხვევა, რადგან სანქციებში არ მონაწილეობთო. თუ ამ თემაზე რაიმე საპირისპირო გაქვს და პრეტენზიას გამოთქვამ, თურმე, ესაა ევროკავშირის საწინააღმდეგო. საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ეს ყველაფერი შანტაჟია და სხვა არაფერი. კვლევები და რეიტინგები ყველაფერს აბათილებს, რაც საქართველოს აქვს. საქართველო არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს და ეს რეიტინგებია ევროპულობა და ევროკავშირისკენ სწრაფვა და არა ის, რასაც მარტა კოსი ამბობს ან იუკნევიჩიანე, რომ თურმე, საქართველომ ყველაფერზე თვალი დახუჭოს, რასაც მის ტერიტორიაზე გააკეთებენ. ქვეყანაში ფულის შემოტანის თაობაზე მარტა კოსის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე მეტი რა არგუმენტი გჭირდებათ?“, – განაცხადა ვოლსკიმ.











