სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა. დავკარგეთ ის ტერიტორიები, რომელსაც თავად ქვა-ღორღს ეძახდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მოგებული სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, არავინ იცის, რა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო.
„სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილის ოკუპაცია მოეხდინა. რაც არ უნდა შეკითხვები დასვათ, ფაქტია, რომ სასამართლო ჩვენ მოვუგეთ რუსეთს და ფაქტია ისიც, რომ პირველად არასრულფასოვანი, ხარვეზიანი მასალები შეიტანეს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს არ მიმართეს და რეალურად გვარწმუნებდნენ, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორია არ აინტერესებს და მოხდა ის, რაც მოხდა. რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა და, ფაქტობრივად, ჩვენ დავკარგეთ ის ტერიტორიები, რომელსაც სააკაშვილი ქვა-ღორღს ეძახდა. ეს ფაქტი მოხდა და ამ ფაქტის მიუხედავად, ჩვენ სასამართლო მოვიგეთ. ახლა ეს აიღეთ და აწონ-დაწონეთ, ვინ არის ამ ქვეყნის პატრიოტი და ვინ გააკეთა ისე, რომ ამ ქვეყანას სერიოზული ზარალი მიეღო რუსეთის შემოჭრის გამო.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, არის ფაქტების კონსტანტირება. ზუსტად ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზედაც ტალიავინმა ისაუბრა, „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი. ანუ, პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ საქართველოში რუსეთის შემოსვლასა და ოკუპაციას ამართლებს როგორც ტალიავინის დასკვნაზე, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით. აი, ეს რეალობა დადგა და ამ რეალობის უკან რა პროცესები იდგა, რასაკვირველია, ეს გამოსაძიებელიც არის და კიდევ დამატებითი მასალებია ამ თემაზე მოსაპოვებელი. რომ არა „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, რომ არა სტრასბურგსა და ჰააგაში ჩვენ მიერ მოგებული საქმეები, პრაქტიკულად რა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო, ეს არავინ უწყის. რამ განაპირობა ეს პროცესი, რამ განაპირობა ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა მოღალატეობრივი ნაბიჯები, ეს არის თემა, რაზედაც პოლიტსაბჭომ ყურადღება გაამახვილა თავის განცხადებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ: "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ჰაიდი ტალიავინი აცხადებს, რომ, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მისი მონაწილეობით მომზადებული დასკვნა სწორად იყო ფორმულირებული. "ცხინვალის ინციდენტმა საბაბი მისცა რუსეთის შემოჭრას, რასაც, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა, რადგან მათ ჰქონდათ უფლება, გაეთავისუფლებინათ საკუთარი მშვიდობისმყოფელები", - აღნიშნავს ის.
ინტერვიუს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო და წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია "მოღალატეობრივ ქმედებებზე" 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, საკითხზე საჯარო სამართლებრივი პროცესი წარიმართოს.