არის თუ არა აფხაზებთან პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელი? - არ არის! - სტრატეგიული გეგმა, რომელიც რუსეთს გააჩნია, ჩვენი და აფხაზების, ჩვენი და ცხინვალის რეგიონის ოსების ერთმანეთთან საუბარს არ ითვალისწინებს! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის მოსმენისას გააკეთა.

ვოლსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ოკუპაციას არა იმ მიზნით, რომ აფხაზი ქართველისგან დაიცვას, აფხაზებს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს ან ომის საშიშროება არ დაუშვას, არამედ იმიტომ, რომ მას აქვს სტრატეგიული პოლიტიკური გეგმა და ამოცანა, რომელიც გაცილებით უფრო დიდი, მზაკვრული და ცივსისხლიანია.

“ჩვენ ამ შემთხვევაში მათთვის მეათეხარისხოვანი ფაქტორი ვართ. დაპირისპირება გაცილებით უფრო გლობალური და საფრთხის შემცვლელია - ახლოს არის ბირთვულ დაპირისპირებასთან, რომელიც რუსეთს დასავლეთთან გააჩნია. რატომ ვართ ჩვენ დასავლურ პოზიციაზე? - იმიტომ კი არა, რომ ვინმეს ვეკეკლუცებით და ვეპრანჭებით, რომ ევროპული ინტეგრაცია და ევროატლანტიკური დამოკიდებულება მოდაშია და ტრენდია - არა! ეს იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე სწორედ ასეა გათვლილი და დანახული. აქ არის ქვეყნის შვება და ქვეყნის გადარჩენა!“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.