ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ვიდეორგოლი არ არის პაველ ჰერჩინსკის გადაწყვეტილება, ეს არის კიდევ ერთი უსინდისო გამოხატულება იმ დამოკიდებულებისა, რომელიც ბრიუსელს აქვს საქართველოს მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლზე, რომელშიც აქციის კადრებიც არის გამოყენებული.

„ბრიუსელი არის ადმინისტრაციული სტრუქტურა, რომელიც არათუ საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, არამედ ყველანაირი რესურსი აქვს დაკარგული, თავად ევროკავშირში ქვეყნებს შორის კოორდინაცია მოახდინოს, ურთიერთობების მშვიდობისაკენ სვლას შეუწყოს ხელი და ის ფუნქცია შეასრულოს, რისთვისაც კონკრეტულ თანამდებობებზე ნიშნავენ, ირჩევენ პირებს. ასეთი მილოცვა უტიფრობაა, ვინაიდან გამოხატავს კონკრეტულ მიზანს – წაახალისოს საქართველოში ექსტრემიზმი და მოახდინოს თავისი მიზნის რეალიზაცია, რომელიც საქართველოს არანაირ სიკეთეს არ უქადის. პირიქით, შეუქცევადი ნგრევის პროცესს უქადის, როდესაც მიაჩნიათ, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ და სხვა ქვეყნებმა ის როლი უნდა შეასრულონ, რომელიც მათ გამოუწერეს. რა როლიც გამოუწერეს, ამას უკრაინაში კარგად ვხედავთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.