ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, პარტია, რომელიც გაიმარჯვებს, დაუპირისპირდებოდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩააგდო ნაწილობრივ ოკუპაციაში, სტრატეგიული ობიექტები გასცა და ქვეყნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, უნდა გაირკვეს და ითქვას, რატომ არ აქვს ამა თუ იმ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა.
„არ არსებობს არცერთი ევროპული ქვეყანა – და პიტერ სტანოს ჰკითხეთ, თუ არსებობს – რომელიც არ მოსთხოვს პასუხს იმ ხელისუფლებას, რომელიც დღეს კიდევ იმუქრება, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოხდეს. არცერთი ევროპული ქვეყანა ამას არ შეარჩენს არცერთ პოლიტიკურ ძალას. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ ადამიანებს და მასობრივად ყველას რაღაც პასუხისმგებლობა მოუწევთ, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ისტორიისთვის მაინც უნდა ითქვას, რა დანაშაულია ჩადენილი, ეს დანაშაული რაში მდგომარეობს და რატომ არ აქვს ამა თუ იმ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივა. ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი სტანდარტია, როდესაც ადამიანს საერთოდ უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან გაკარება, თუ ქვეყნისთვის ისეთი ზარალი აქვს მიყენებული, როგორებიცაა ადამიანური მსხვერპლი და ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„პოლიტიკოს“ ცნობით, გამოცემასთან საუბარში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ბრიუსელში შეშფოთებული არიან „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი წინადადების გამო, რომელიც ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს“.