პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ხანია მმართველი გუნდში “ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღებაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს გადაწყვეტილება არჩევნების მოახლოებას არ უკავშირდება.
„2012 წლამდე იყო, როცა ადამიანის პატიმრობით ხმებზე ვაჭრობა ხდებოდა - ჩვენ ეს პერიოდი გავიარეთ. ამნისტიის მიღება კარგი ჟესტია. თავიდან ამნისტიის ინიციატივა “გირჩს“ ეკუთვნოდა, თუმცა დიდი ხანია, რაც გუნდში მუშაობა მიდის. ახლა ვერ დავადასტურებ, თუ კონკრეტულად, რა მუხლებზე გავლენ.
ნუ დავუკავშირებთ ამას წინასაარჩევნო პერიოდს, ვინაიდან, თუ ადამიანი ამნისტიით გარეთ გამოვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ან მისი ოჯახის წევრები ხმას “ქართულ ოცნებას“ მისცემენ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარლამენტში “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი იქნება ინიცირებული. როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მომზადებულია შესაბამისი მუხლების სია, რომელზეც ამნისტია გავრცელდება.