გუბაზ სანიკიძე რომ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს რამდენად ლოგიკურია? მაგრამ ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

„ჩვენ არასოდეს არ გვყოლია კოალიციური მთავრობა. იყვნენ მთავრობები, რომელიც ამბობდნენ, რომ ჩვენ კოალიციურები ვართ, მაგრამ ასეთი რამ არ არსებობდა. ასე, რომ როგორ მოიქცევიან პარტიები, როდესაც მათ დაუდგებათ კოალიციის შექმნის აუცილებლობა, ეს ჩვენ არ ვიცით, რადგან გამოცდილებას ვერ დავეყრდნობით. მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ, ქართველები პრინციპულად სხვა მასალისგან იყვნენ გაკეთებული. გასაგებია, რომ წინასაარჩევნოდ ყველა თავისას ამბობს და ცდილობს მაქსიმალურად გაემიჯნოს სხვებს, ზოგი ამბობს ვისთან შეიძლება შექმნას კოალიცია, ზოგი თავს არიდებს, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნეა ადამიანები არიან ყველანი, არითმეტიკაც ყველამ იცის და მიხვდებიან, რომ მთავრობა თუ გინდა შექმნა, ვიღაცასთან უნდა შეხვიდე კოალიციაში.

თუ „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა ვერ აიღო, კოალიციის შექმნის შანსი აქვს, რა თქმა უნდა, ვისთან შეიძლება შექმნას, ვერავის ხელს ვერ დავადებ მით უმეტეს, რომ ყველა ამას უარყოფს, მაგრამ ცხადია შეეცდება და ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილიც ამაზე ფიქრობს უკვე, რომ შეიძლება ეს დასჭირდეს.

არ უნდა გამოაჩინო, რომ კოალიციაზე ფიქრობ, უნდა იძახო, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოვდივარ. როგორც კი შეგატყობენ, რომ ვიღაც ისე მძაფრად არ გააკრიტიკე, მაშინვე დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ის კოალიციისთვის ემზადება, ე.ი. სუსტია და არ სჯერა, რომ არჩევნებს მოიგებს. ეს კი „ქართულ ოცნებას“ არ აწყობს არანაირად. მეორე მხრივ ჩვეულებრივი ამბავია, რომ არჩევნების წინ ყველანაირად აკრიტიკებენ და ლანძღავენ პოლიტიკოსები ერთმანეთს, მაგრამ ახალ ვითარებაში შეიძლება მაინც ითანამშრომლონ. გუბაზ სანიკიძე რომ პრაქტიკულად მიხეილ სააკაშვილის მეხოტბე გახდა, ეს რამდენად ლოგიკურია? მაგრამ ეს თუ შესაძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა გია ნოდიამ.