პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს" ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევით ორგანოდ ჩამოყალიბებასა და არჩევნების დევნილებს შორის ჩატარებას შეეხება, დეპუტატებმა იკამათეს.
ბიუროს გადაწყვეტილებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში არჩევნების ჩატარების თაობაზე "ევროპული საქართველოს" მომზადებული კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად არ გადაეცა. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა სხდომაზე განაცხადა, შესაძლოა, ეს კანონპროექტი შინაარსობრივი თვალსაზრისით მისაღები იყოს, თუმცა ფორმალურ მხარეს ვერ აკმაყოფილებს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებას მოითხოვს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, კონსტიტუციით დარეგულირებული არ არის არჩევის წესი. „რომელიმე ჯგუფისთვის, ამ შემთხვევაში, უმცირესობისთვის კომიტეტზე გატანის დაბლოკვა მცდარი გადაწყვეტილებაა. საეჭვოა ხოლმე, როცა დისკუსიისას მუხლი სრულად არ მოჰყავთ ხოლმე. ასეთი მუხლი არ არსებობს. კონსტიტუციით არ არის დარეგულირებული არჩევის წესი. წარმოადგინეთ ჩანაწერი, სად წერია“, - მიმართა გიგა ბოკერიამ უმრავლესობის წევრებს. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გიგა ბოკერიას საპასუხოდ განაცხადა, რომ შემოთავაზებული ფორმით კანონპროექტი კომიტეტებს განსახილველად ვერ გადაეცემა, რადგან ფორმალური მხარე დარღვეულია. მან ოპოზიციონერ დეპუტატს აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების გამართვა შესთავაზა. „ბატონო გიგა, პირდაპირ გეუბნებათ, რომ ამ კანონპროექტს სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება“, - მიმართა ოხანაშვილმა ბოკერიას. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბოკერიას კითხვით მიმართა, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჰქონდა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას" მსგავსი კანონის მიღების სურვილი ან ინიციატივა, რაზეც გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ ამის სურვილი ჰქონდათ, თუმცა ინიციატივა - არა. მისივე თქმით, არგუმენტი, რომ ადრე ეს ნაბიჯი არ გადაიდგა და ახლაც არ გადაიდგმება, არასწორია.