ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში სახელწოდებით – „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სამიზნეები გახდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო“.
„ევროპარლამენტი ასევე გმობს „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების სისტემატურ სისხლის სამართლებრივ დევნას. გმობს, მიღებული ცნობების თანახმად, დაკავების დროს ხოშტარიას წინააღმდეგ გამოყენებულ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას. მოითხოვს მისი და ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც დაკავებული არიან პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით. მოითხოვს მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ გაუქმებას. ღრმა შეშფოთებას გამოხატავს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განგრძობითი დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომელიც ოთხ წელზე მეტია, ფაქტობრივად, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალია“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
ამასთან, რეზოლუციის მიხედვით, ევროპარლამენტი „დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების ბრალდებების დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს“.
ცნობისთვის, რეზოლუციას „ელენე ხოშტარიას საქმისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის პოლიტიკური პატიმრების შესახებ“ მხარი დაუჭირა 438-მა დეპუტატმა, 37 წინააღმდეგ იყო, 81-მა ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.




