"სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო ყუთებისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით და არა ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული: - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი განცხადება გააკეთა, სადაც დაგმობილია პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა (ესპანეთი) და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს დაასრულეს რამდენიმედღიანი ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის მიზანი იყო დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და მთელ პოლიტიკურ სპექტრში ჩართულობის ხელშეწყობა.

ვიზიტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, სახალხო დამცველს, არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს (როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ), სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე ეწვია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს და შეხვდა იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით დაზარალდნენ.

„ამ დღეებმა განმიმტკიცა აზრი, რომ საქართველოს ბევრი შთამბეჭდავი პოლიტიკოსი ჰყავს. ისინი, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ, მუდმივად და აქტიურად ურთიერთობენ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკირებული დავრჩი იმის აღმოჩენით, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა პონსმა. „მოვუწოდებ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ პროცესებში და დაიწყონ პირდაპირი კომუნიკაცია დიალოგის აღსადგენად. ამაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.“

დელეგაცია მიესალმა ფართო კონსენსუსს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მომავალი არჩევნები ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესაბამისად უნდა ჩატარდეს. თუმცა, მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პოლიტიკურ სცენაზე არსებული მწვავე პოლარიზაცია კვლავაც დაბრკოლება იქნება ამ მიზნების მისაღწევად.

მათივე თქმით, მომავალში ამომრჩეველი დააჯილდოებს მათ, ვინც ამ მიზნებისკენ კონსტრუქციულად მიისწრაფვის. „აშკარაა, რომ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არსებული პოლარიზაცია ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში უშლის ხელს. ჩვენი დელეგაცია პოლიტიკურად მრავალფეროვანია და ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ერთად ვმუშაობთ. იმავეს ველით საქართველოს პოლიტიკური ლიდერებისგანაც,“ – განაცხადა ლუის გრასამ, სამხრეთ კავკასიაში სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მან დასძინა: „კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, როგორც ეს ოქტომბერში აღვნიშნე: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია. ცვლილებები უნდა განხორციელდეს საარჩევნო ყუთებისა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების მეშვეობით და არა ძალადობით, რომელიც მათი დამხობისკენ არის მიმართული.“ „ჩვენი, ეუთოს ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ორგანოს საქმე არ არის აქ არსებული პრობლემების მოგვარება. ეს საქართველოს ხალხისა და მისი ლიდერების პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, ვიხილავთ პასუხისმგებლობით გაჯერებულ ნაბიჯებს პოლიტიკური სიტუაციის დეესკალაციისა და რეალური პოლიტიკური დიალოგის დასაბრუნებლად,“ – განაცხადა ბარონესა კრისტინ ბლოუერმა.