„მინდა მივუსამძიმრო თემურ კირბაიას ოჯახს, რომელიც ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლია. ოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნის ის ტკივილი, რომელიც ამდენი წელია გვაწუხებს და ვცდილობთ, ყველანაირი ძალისხმევით, მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ეს ჩვენს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული სახელმწიფო პროგრამებით თუ საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და მათი ძალისხმევის გამოყენებით“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას თითქოს აწუხებს ოკუპაციის ბედი, სინამდვილეში კი უნდა ქართულ საზოგადოებაში არეულობის შემოტანა.
„მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის ვითომდა „შეშფოთებას“ თითქოს მათ აწუხებთ ოკუპაციის ბედი. სინამდვილეში, მათ მხოლოდ არეულობის შემოტანა უნდათ ქართულ საზოგადოებაში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ოკუპაცია დასრულდეს. სტრასბურგის სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებები არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით და არა აქ, პარლამენტის შენობაში განცხადებების გაკეთება, რომელიც ირიბად, ომისკენ მოწოდება არის და მეტი არაფერი. ოპოზიციას უნდა ომი, არეულობა და აგრესიის გამოწვევა საქართველოს სინამდვილეში, მათ მეტი არაფერი აინტერესებთ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მისი განმარტებით, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია ივსება ავტომატურად, როდესაც ბრალდებული გამოაშკარავდება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა ყველანაირი ძალისხმევა - როგორც ევროკავშირის საერთაშორისო მისია, ასევე საერთაშორისო პარტნიორები ამ და ნებისმიერი სხვა საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც ოკუპაციას ეხება.
„დიახ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები და უფლებები არ არის დაცული. არ არის დაცული მათი სიცოცხლის უფლება, არ არის დაცული მათი ჯანმრთელობის უფლება, განათლების უფლება და ა.შ. და ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც ქვეყნიდან გაყვანილი ჯარი უკან შემოაბრუნა და ქვეყნის 20 %-ის ოკუპაცია გამოიწვია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.