საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრი ეკა სეფაშვილმა, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში ქართულ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად მონაწილეობს, მედიასთან კომენტარი გააკეთა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
სეფაშვილის თქმით, ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილზე და გარდა ფინანსური სანქციებისა, ახლა უკვე ფიზიკურად ემუქრებიან მის უსაფრთხოებას.
„რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის განცხადებას არ გამოვეხმაურებოდით, მაგრამ ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი აგენტის განცხადება, რომელიც კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩართვა ისევ და ისევ დღის წესრიგში დგას. ვფიქრობთ, რომ ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინას და რუსეთს შორის ომი მიმდინარეობს, ეს დღის წესრიგში იდგება და ვთვლით, რომ საზოგადოება უნდა ფლობდეს სრულ ინფორმაციას. საზოგადოება არის ერთადერთი ის ძალა, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს როგორც ამ ცალკეული აგენტების, ასევე მათ მიერ მართული პარტიების ცრუ და ქვეყნის დამღუპველ ნარატივს და ამ გზით შევინარჩუნოთ საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა.
დიახ, ძალიან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილზე, გარდა ფინანსური სანქციებისა, ახლა უკვე ემუქრებიან ფიზიკურად მის უსაფრთხოებას, ემუქრებიან დაპატიმრებით და აქ რა თქმა უნდა, მათთვის მეორე და მეასეხარისხოვანია ის, რომ მათ რეალური მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ჩვენ ამის მოწმე ერთხელ უკვე გავხდით, მაგალითად, გავიხსენებ, სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების საკითხს, როდესაც საბუთად მოიყვანეს ისეთი ბრალდება, რომლის მტკიცებულება არც მედიაში გვინახავს და არც მათ წარმოუდგენიათ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საელჩოს და ქალბატონ კელი დეგნანს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი ხელშეწყობით მოხდა მოსამართლეების დასანქცირება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.