კობახიძე იყო ერთ-ერთი მთავარი, ვისი მხილებაც დამჭირდა, რადგან ის კაბინეტში ჩინჩალაძესთან ერთად ვნახე - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„კობახიძე იყო ერთ-ერთი მთავარი ვისი მხილებაც დამჭირდა, რადგან ის ვნახე კაბინეტში ჩინჩალაძესთან ერთად, როდესაც ჩინჩალაძე მას კარნახობდა ტექსტებს, რა უნდა ჩაეწერა კონსტიტუციაში. ჩვენი კონფლიქტი დაიწყო აქედან. სხვათა შორის ბევრი დეპუტატის თანდასწრებით მოხდა. კახა კალაძე ამას არ დაადასტურებს, ზუსტად ვიცი, რა საცოდავ დღეში იყო, როდესაც ერთი ხელით კალაძე მოათრევდა, მეორე ხელით ივანიშვილი, ჩემთან მოჰყავდათ ბოდიშის მოსახდელად. ეს იყო იანვარში, უმრავლესობის სხდომა იყო და მას ბოდიში მოახდევინეს. მესმის, რომ ტრავმირებულია და მძიმე ემოციები გამოჰყვა. ეს კანონპროექტი, რომელმაც გამოიწვია ძალიან სერიოზული ვნებათაღელვა, რადგან ქვეყნისთვის ძალიან საზიანოა, რეალურად ამბობს მის წუხილებს და სურვილებს. უნდა კუდიანებთან დაიწყოს ბრძოლა. ველოდები რა კომენტარს გააკეთებს მის ბოდვაზე შს მინისტრი, გომელაური, რომელიც მაშინ უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მე ნდობის ჯგუფში ვიყავი ბევრი წლის განმავლობაში, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება მქონდა. ამ სულელ ბიჭს ესეც არ ახსოვს, წარმოიდგინეთ, რეებს ლაპარაკობს. დაზიანება მიიღეს რა თქმა უნდა, რადგან კონსტიტუციური უმრავლესობა დაიშალა, როცა წამოვედი უმრავლესობიდან. ღიად ვამხილე, რომ ეს იყო გარიგება სასამართლო კლანთან, თუ ამას გულისხმობს გასაგებია, მაგრამ რა მერაბიშვილის მრევლი. მე რომ მერაბიშვილს ვებრძოდი, ეს უბედური ბიჭი, სად იყო საერთოდ, სად იმალებოდა“, - აცხადებს ბესელია.