შალვა ნათელაშვილის ფანჩატური შეიცვალა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლით, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - შედეგი იგივე იქნება, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

"სალომე ზურაბიშვილს არავითარი როლი არ აქვს გარდა ერთისა, რომ მან უნდა შეასრულოს დაკვეთა. უბრალოდ წარმოუდგენელია მათი ერთობა: „ნაცმოძრაობას“ ეს ახასიათებს, როგორც ვერცხლისწყალი, ადვილად იშლება და შემდეგ ისევე ადვილად ერთდება. ასეთი დაშლა-გაერთიანება ჩვენ არაერთი ვნახეთ, მაგრამ შედეგი ერთი და იგივე: ყველა არჩევნებს აგებენ. დღეს სალომე ზურაბიშვილი შედგა მათთვის ლიდერად, რომელიც, რაც დაუწერეს, იმას ასრულებს. უბრალოდ მე მაინტერესებს, როდის იყვნენ გულწრფელები: როცა ზურაბიშვილს ლანძღავდნენ, თუ ახლა, როცა თითოეული მათგანი ზურაბიშვილს ლიდერად აღიარებს. მანამდე ოპოზიცია უწოდებდა მას მოღალატეს და მიუღებელი იყო მათთვის ეს ინსტიტუტი მისი თაოსნობით. ეტყობა ელოდებოდნენ, რომ უმრავლესობაც მოღალატეს დაარქმევდა მას, ანუ ორმხრივი მოღალატეობა აქვს დაბრალებული და ახლა უკვე შედგა ოპოზიციის ლიდერად. შალვა ნათელაშვილის ფანჩატური შეიცვალა სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო სასახლით, მაგრამ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - შედეგი იგივე იქნება. მათი დაშლა-არ მოშლა ვერავითარ გავლენას ვერ იქონიებს, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.