საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პატრიარქთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმაურება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
ხუნდაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ახალი დავალება - პატრიარქის დისკრედიტაცია.
"შეიძლება შეაფასო პოლიტიკოსის განცხადება, რომელიმე საერთაშორისო რეზოლუცია ან მოვლენა, მაგრამ ძალიან ძნელია სიტყვიერად შეაფასო საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება, რომლითაც მან გაანადგურა ქართული ეკლესიის და უშუალოდ, ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქის ავტორიტეტი. სიტყვები უძლურია იმასთან შედარებით, რასაც ახლა თითოეული ქართველი განვიცდით.
ელემენტარული ზრდილობაა, რომ პატრიარქის შემცვლელზე არ ისაუბრო მაშინ, როდესაც უწმინდესი ჩვენს გვერდითაა. აღარაფერს ვამბობ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დამსახურებებზე და იმ უდიდეს ღვაწლზე, რითაც მან არა მარტო საქართველოს, არამედ, მსოფლიოს მართლმადიდებლობის ისტორიაში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი. ეს საქართველოში ბავშვმაც კი იცის. სალომე ზურაბიშვილისგან უკვე ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ამ ზღვარსაც თუ გადაკვეთავდა, ნამდვილად არ გვეგონა. როგორც ჩანს, პრეზიდენტმა პატრიარქის დისკრედიტაციის დავალებაც მიიღო. უფალმა გააძლიეროს ჩვენი მხცოვანი პატრიარქი და დედა-ეკლესია. საუკუნეების მანძილზე ეკლესია ყოველთვის ერის წინამძღოლი იყო და დღესაც, საქართველოსთვის ამ გადამწყვეტ პროცესში, თითოეული სასულიერო პირი ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, კეთილდღეობისთვის და გამთლიანებისთვის ლოცულობს.
დღეს, ფსევდო ლიბერალიზმის ზეობის ხანაში, ეკლესიის როლი უმნიშვნელოვანესია ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებაში, ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში და სულიერების გადარჩენაში. როგორც არ უნდა უტევდნენ ქართულ ეკლესიას, ვერ გაიმარჯვებს ზურაბიშვილის და მათი გუნდის გამანადგურებელი პოლიტიკა საქართველოში. ჩვენ ვდგავართ დედაეკლესიის და პატრიარქის გვერდით," - წერს ხუნდაძე.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა - კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები