„როდესაც „ნაცმოძრაობა“ პრობლემაა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას სიმშვიდის საშუალებას არ აძლევს, თუმცა, მათ საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ აქვთ.
ბოლო პერიოდში სიმართლის დიდი ნაწილის თქმა გვიწევს უმრავლესობაში უმცირესობის წარმომადგენლებს, „ხალხის ძალას“, ხოლო უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნება“, ხშირ შემთხვევაში, გვეთანხმება. როდესაც „ნაცმოძრაობა“ პრობლემაა ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ის უნდა გასამართლდეს. მათი ძალიან ბევრი დანაშაული გვახსოვს, რომელსაც ისევ ამატებენ და ამატებენ ახალ დანაშაულებს. საზოგადოებას სიმშვიდის საშუალებას არ აძლევენ, ქვეყნის განვითარებას განუვითარებლობად ასაღებენ, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასაც მილიარდების მოპარვას აწერენ და ა.შ.
ასეთ დროს მახსენდება, უკრაინის დროშას რომ აფრიალებდნენ, იმ დროს, უკრაინას სისხლი და წამალი რომ დასჭირდა და შეგროვება დავიწყეთ, ოპოზიციიდან ხუთი დეპუტატი ვერ ვნახეთ, რომ სისხლი გაეღოთ, ან ჯიბეში ხელი ჩაეყოთ თანხის გასაცემად. ესენი აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, რომლის დაყადაღებული ორი მილიარდიც ასევე ქველმოქმედებაა - გლობალური ომის პარტიის ქისაში ჩადებულია მშვიდობისთვის.
ამიტომ, ეს არაფრისმთქმელი პოლიტიკოსები, რომლებიც გარე ძალებისგან ფინანსდებიან, ერთმანეთთან კი პოულობენ საერთოს, მაგრამ არა - საზოგადოებასთან“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.