სრულიად დაუსაბუთებლად, ცარიელ ამბავზე უმძიმესი ბრალდებები ისმის-ხოლმე ეკლესიის, პატრიარქის, მოსაყდრის მიმართ. არ ერიდებიან არაფერს, ამიტომ ახსნა იმისა, რომ ეს არის ცალკე მდგომი კამპანია, მიზნის გარეშე, ძნელია, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მეუფე შიოს მოწამვლის შესახებ. კერძოდ, შესაძლოა თუ არა აღნიშნული უკავშირდებოდეს ბოლო პერიოდში ეკლესიაზე განხორციელებულ თავდასხმებს.
„თეორიულად შესაძლებელია შემთხვევები, როდესაც ხდება ადამიანის დემორალიზაცია, მარგინალიზაცია საზოგადოების თვალში. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს წინ უსწრებს, ვიდრე საქმე ფიზიკურ განადგურებამდე მივა. ასე იყო ილია ჭავჭავაძის, პატრიარქ კირიონის შემთხვევაში. სხვა მრავალი მაგალითი და შემთხვევა შეგვიძლია მოვიყვანოთ. ეს არის ერთგვარი მეთოდი, რომელიც ხშირად, ერთდროულად გამოიყენება-ხოლმე. თუმცა, ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, როგორც დასაშვები რამ. გაუგონარია კამპანიის რადიკალურობა, რაც მიმდინარეობს-ხოლმე. სრულიად დაუსაბუთებლად, ცარიელ ამბავზე უმძიმესი ბრალდებები ისმის-ხოლმე ეკლესიის, პატრიარქის, მოსაყდრის მიმართ. არ ერიდებიან არაფერს, ამიტომ ახსნა იმისა, რომ ეს არის ცალკე მდგომი კამპანია, მიზნის გარეშე ძნელია“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში არის გარკვეული ცვლილებები - მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მაღალი აღმოჩნდა.