„დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, გაიმიჯნება და კიდევ ერთხელ დაზუსტდება უფლებამოსილებები, რომლებსაც უშუალოდ დაზვერვის სააგენტოს უფროსი ახორციელებს და ის უფლებამოსილებები, რომლებიც ხორციელდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხილვა ხვალ დაიწყება, პროექტს თავდაცვის კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაზვერვის სააგენტოს ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის მქონე ქვედანაყოფებში, ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სამმართველოს უფროსი და ზევით) დანიშვნისთვის საკმარისი იქნება დაზვერვის სააგენტოში ამავე პროფილით მუშაობს ერთწლიანი გამოცდილებაც (ნაცვლად 2 წლის).
პროექტში ნათქვამია, რომ ამავე თანამდებობაზე ისეთი პირის დანიშვნა, რომელსაც არ ექნება ასეთი სამუშაო გამოცდილება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე – სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში.
ინიციატივაში აღნიშნულია, რომ გაუქმდება დაზვერვის სააგენტოს ამავე ფუნქციური დანიშნულების მქონე ქვედანაყოფებში დაზვერვის ოფიცერთათვის უფრო მაღალი კატეგორიების (მე-6 და ზევით) მინიჭებისთვის დაწესებული საკანონმდებლო მოთხოვნები. პროექტში აღნიშნულია, რომ ერთ წლამდე შემცირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში დაზვერვის სააგენტოს მოსამსახურეთა მივლენისთვის დაწესებული სამუშაო გამოცდილების ვადაც.
„სააგენტოში დანიშნული პირები გაივლიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ – სპეციალური მომზადების კურსებს, თუმცა სამსახურის უფროსს ექნება შესაძლებლობა – ასეთი კურსების დამტკიცების, ასევე მისი გავლისგან გათავისუფლების ან კურსის ხანგრძლივობის შემცირების საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება, დელეგირების წესით გადასცეს (მიანიჭოს) დაზვერვის სააგენტოს უფროსს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.










