„ლოკალური ომის პარტია“ რუსეთის სამთავრობო გამოცემებს რომ იზეპირებდა, ამაში აქამდეც ეჭვიც არ მეპარებოდა. ყოველთვის გულამაჩუყებელი იყო ჩემთვის, როგორ იძაბებოდა ხატია დეკანოიძე ან „ჭიჭე“ ვაშაძე, როდესაც ცდილობდნენ, მინიმალური აქცენტით და მაქსიმალური ფილოლოგიური სიზუსტით გადმოეცათ თავისი აზრი რუსულ ენაზე უკრაინული ტელევიზიებისთვის, - აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
„ამაზრზენი იყო მათი ევროდერეფნებში ბოდიალი და „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების დარწმუნება - რატომ არ უნდა მიენიჭოს საქართველოს EU-ის წევრობის კანდიდატის სტატუსი. თვალწინ მიდგას მათი ამ ღვაწლის შემხედვარე რუსეთის СВР-ის ევროპული რეზიდენტის ცრემლიანი და მადლიერი თვალები: „Умнички вы мои, лапочки, молодцы, спасибо!“. ვერცერთი გარე მტერი ვერ მოახერხებდა იმ დოზით მავნებლობის მიყენებას თითქოსდა, საკუთარი ქვეყნისთვის, როგორც ამ კრემლის სასარგებლო იდიოტებმა მიაყენეს საქართველოს.
მათი წარმატებული მავნებლობის შედეგად, რა თქმა უნდა, რუსეთის სამთავრობო გამოცემებში გამოაქვეყნებდნენ სტატიებს, რომლის თანახმადაც, საქართველომ ევროპულ კურსზე „უარი თქვა“. მოსკოვი, რა თქმა უნდა, ვალერი გერგიევისა და „მარიინსკის თეატრის“ სტიპენდიანტ ლЯკა ხოშტარიას ოპერატიული საქმიანობით კმაყოფილი იქნება. კმაყოფილი იქნება კრემლი ასევე ჭიჭე ვაშაძის თავდაუზოგავი მუშაობით, რომელიც ასევე ჩაფლულია რუსულ სამთავრობო მედიაში - მისთვის ამ ბოლო დროს თუნდაც „სამუშაო“ ენის გაუმჯობესების მიზნით.
დეკანოიძისა და ვაშაძის პოლიტიკური რუსული პარანოია სულ მალე გადაიზრდება პოლიტიკურ სუიციდურ მოთხოვნილებაში, როდესაც მათ მესიჯბოქს, რომ „ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი მითითებებს სწორედ მოსკოვიდან იღებს“ - თავდაყირა დააყენებს მსოფლიოში ელვისებურად მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარება.
მე არ მინდა ამ გარდაუვალ ცვლილებებს დეტალურად შევეხო, მაგრამ მათი მოახლოების ფონზე - სექტანტების ეს პარანოიდალური აგონიაც სავსებით გასაგებია. ისინიც ხომ ძალიან კარგად გრძნობენ ამას. ვინაიდან 2023 წელს, დიდი ალბათობით - ზაფხულამდე, დასავლეთი დაიყოლიებს ყველა დაინტერესებულ მსოფლიო მოთამაშეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ. დიდი ალბათობით - დასავლეთის „პრაგმატული პოლიტიკის პარტია“ ჩაანაცვლებს უკრაინაში „გლობალური ომის პარტიის“ მარიონეტებს ახალი პოლიტიკური ფიგურებით. საქართველოში - სექტანტიზმი გაქრება ოპოზიციური პოლიტიკური ველიდან და ადგილს დაუთმობს ახალ, ჯანსაღ, ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს.
„უცხოური გავლენის აგენტები“ იძულებული გახდებიან, საკუთარი საქმიანობა წარმართონ საქართველოს საკეთილდღეოდ - გამჭირვალე და თამაშის ღია წესების ფარგლებში. მათ რიგებში გამოვლენილი აგენტოკრატების შეძლებული ლაქიები იძულებულნი გახდებიან, დატოვონ მათთვის უცხო გარემო და გენდერული მრავალფეროვნების ცისარტყელაზე გადასახლდნენ. ხოლო „პრაგმატული პოლიტიკის პარტია“ ამერიკაშიც და ევროპაშიც დაალაგებს დასავლეთისთვის მოწყურებულ ურთიერთობებს, და განახლებულ, კონსერვატიულ, კორუფციისგან მაქსიმალურად დაცლილ, ქრისტიანულ ევროპაში - საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს. ოღონდ - ჩვენ უკვე გვთხოვენ, ამ ადგილს დავთანხმდეთ, ხოლო ჩვენ კი აუცილებლად დავფიქრდებით, შევაფასებთ, გავაანალიზებთ და ისე მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებას - გვიღირს თუ არა“, - აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.