პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უნდა გადამოწმდეს ყველა ის გამოქვეყნებული მასალა, რომელიც კემბრიჯის პროფესორ ჯეისონ არდეის ეხებოდა, რათა დადგინდეს, ხომ არ შეუწყო ხელი ამ მასალების გამოქვეყნებამ პროფესორის ირგვლივ დატრიალებულ ტრაგედიას.
ანალიტიკოსის თქმით, თუ ბრიტანული მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობა სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი საქართველოში საპროტესტო აქციების დაშლისას პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების, „კამიტის“, სავარაუდო გამოყენების შესახებ მომზადებული მასალის სანდოობა უნდა იყოს.
„ეს უკვე უფრო ჟურნალისტიკას კი არა, სიცრუის კონვეიერს ჰგავს: ჯერ ადამიანი მიიყვანო ტრაგედიამდე დაუსრულებელი საინფორმაციო წნეხით, შემდეგ კი, როცა ტრაგედია უკვე მოხდა და ადამიანი გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში, სერიოზული სახით საკუთარ თავს დაუსვა კითხვა: „ნუთუ ჩვენც ვიყავით ამაში ჩართული?“. სწორედ ასეთი კითხვა გაჩნდა ახლა BBC-ის შიგნით, კემბრიჯის პროფესორის, ჯეისონ არდეის, გარდაცვალების შემდეგ. ბრიტანული მედიაკორპორაციის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, საკუთარი მასალები გადაამოწმოს და გაარკვიოს, ხომ არ შეუწყო ხელი მისმა გაშუქებამ ამ ტრაგედიის განვითარებას - რა საოცარი გულისხმიერებაა. ჯერ საინფორმაციო ქვა ესროლო ადამიანს, შემდეგ კი ჟურნალისტური ინტერესით დაიწყო იმის შესწავლა, თუ როგორ და ფიზიკის რომელი კანონებით მიაღწია ამ ქვამ თავის მიზანს.
და სწორედ აქ, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა BBC-ის ეს მცდელობა, ჩაიხედოს სარკეში. როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა, ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს გაცილებით ნაკლები დასჭირდა: თითქოს ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტი“ გამოიყენა და ეს საკმარისი აღმოჩნდა საერთაშორისო საინფორმაციო სკანდალის ასაგორებლად, ქვეყნისა და ხელისუფლების რეპუტაციის საზიანოდ. ამასთან, როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ნივთიერება არასოდეს შეუძენია და არ შეუნახავს, ხოლო ჩატარებულმა ექსპერტიზებმა სხვა ქიმიური ნაერთების არსებობა გამოავლინა. საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება და გამოიკითხა 93 მოწმე. მაგრამ სად გაქრა BBC-ის ეს „შესანიშნავი პრინციპი“ - „მოდით, გადავამოწმოთ, ხომ არ შევცდით“? როგორც ჩანს, საქართველოსთვის ეს ფუნქცია ბრიტანულ საზოგადოებრივ მაუწყებელში ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.
განსაკუთრებით პიკანტურად გამოიყურება ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მედიასივრცესთან დაკავშირებით BBC-სა და სხვა დასავლურ სტრუქტურებს პრეტენზიების, ზეწოლისა და პოლიტიკური შეფასებების მიზეზების პოვნა საოცრად სწრაფად შეუძლიათ. ყოველ მეორე სიცრუეს, ცილისწამებას თუ დეზინფორმაციას მყისიერად სანქციები მოჰყვება. მაგრამ როგორც კი ირკვევა, რომ „კამიტის“ გამოყენების ბრალდება არ დასტურდება, უცებ „კრავთა დუმილი“ ისადგურებს. არც ხმამაღალი აღიარება, რომ შეცდნენ, არც საჯარო ბოდიში, არც თუნდაც ელემენტარული კითხვა: „საქართველოსთვის ბოდიშის მოხდას ხომ არ ვაპირებთ?“. გამოდის, რომ BBC-სთვის საკმაოდ მოსახერხებელი ჟურნალისტური ფილოსოფია არსებობს: თუ ბრალდება სათაურში მოხვდა - ამოცანა შესრულებულია; თუ ბრალდება უსაფუძვლო აღმოჩნდა, შეიძლება უბრალოდ შემდეგ თემაზე გადავერთოთ. დილით - სენსაცია, საღამოს - სიჩუმე. „დილით - თანხა, საღამოს - სკამები“ - ეს კლასიკური ლიტერატურული პრინციპი ხომ კარგად გვახსოვს: „და პირიქით შეიძლება?“ - „რა თქმა უნდა, ოღონდ, ჯერ თანხა!“.
მაგრამ პროფესორ არდეის ისტორია BBC-ს მოულოდნელად უბრუნებს ძალიან არასასიამოვნო კითხვას, რომელიც საქართველოს შემთხვევაშიც დიდი ხნის წინ უნდა დასმულიყო: ვინ აგებს პასუხს საინფორმაციო დარტყმის შედეგებზე, თუ საბოლოოდ ირკვევა, რომ თავად დარტყმა მცდარი იყო? BBC ახლა მზად არის, გამოიკვლიოს საკუთარი როლი ბრიტანელი პროფესორის ტრაგედიის გაშუქებაში. შესანიშნავია! მაშინ ლოგიკა მარტივია: თუ ეს მედიაგიგანტი ნამდვილად სერიოზულად ეკიდება საკუთარ სტანდარტებს, შემდეგი შიდა გამოძიების საგანი უნდა გახდეს არა მხოლოდ არდეის ისტორიის გაშუქებაში BBC-ის პასუხისმგებლობის ხარისხი, არამედ საქართველოში „კამიტის“ შესახებ მომზადებული მასალის სანდოობაც. რადგან ნამდვილი პროფესიონალიზმი იქ იწყება, სადაც ჟურნალისტს მხოლოდ დადანაშაულება კი არა, იმის თქმაც შეუძლია: „ჩვენ შევცდით. ბოდიში“. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უკვე საზოგადოებრივი მაუწყებელი კი არა, საკმაოდ თავისებური სისტემაა: ჯერ - ეთერში გამოტანილი განაჩენი, შემდეგ - საკუთარ რედაქციაში დაწყებული ჟურნალისტური გამოძიება…“ - წერს დავით ქართველიშვილი.







