საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული დაფინანსება, რომლის შესახებაც გრანტების კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი, ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანი. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ გრანტის საჯაროდ გამოცხადებული მიზნები შორს არის რეალობისგან და კითხვებს აჩენს მისი გაცემის დროც.

"რა მძიმე და უხერხული მოცემულობაა, რომ საფრანგეთის საელჩო დუმს და არანაირი გამოხმაურება არ აქვთ იმ ძალიან ლეგიტიმურ შეკითხვებს, რომელიც მათ მიერ "ნაცებზე" გაცემულ გრანტებს ეხება. საფრანგეთის საელჩო ვალდებულია პასუხები გასცეს საზოგადოების ლეგიტიმურ შეკითხვას, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ იყოს პასუხი, არის სრული სიჩუმე, რაც ძალიან უხერხული მოცემულობაა. მე იმედი მაქვს, რომ დიპლომატები დიპლომატიურად მოიქცევიან და პასუხს გასცემენ კითხვებს, რომელზე პასუხიც ნამდვილად არის დიპლომატიური საქციელო," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

"საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია", სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. როგორც საფრანგეთის საელჩომ დაწერა, პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს. სახელისუფლებო პარტიის განცხადებების მიუხედავად, დიპლომატიურ წარმომადგენლობას დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.