მსგავს წარმოუდგენელ ამბავს ჩვენ ვხედავთ არაპირველად ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იმ ძალის მხრიდან, რომლისთვისაც სპორტული წარმატებები, შეფერხებას წარმოადგენს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩვენი გმირი ბიჭების წარმატებები როგორღაც წარუმატებლობად აქციონ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
„სპორტსმენები არიან ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ და ცდილობენ, რომ ამ სათაყვანებელ მოთამაშეებს, სპორტსმენებს, იმ ადამიანებს, რომლითაც ქართველი ხალხი ამაყობს გააკეთებინონ თავისდა სასიკეთო კომენტარები, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია, პირველ რიგში იმიტომ, რომ სპორტი აუცილებლად უნდა იყოს პოლიტიკის გარეთ. შემიძლია ორი სიტყვაში ავხსნა ეს ყველაფერი. გამომდინარე იქიდან, რომ ვთქვათ გუნდურ სპორტში თუ რომელიმე სპორტსმენი აფიქსირებს თავის ერთ მხარეს, პოლიტიკურ მხარეს, გუნდური სპორტია და იქ შეუძლებელია სხვა მხარე არ არსებობდეს, აქედან გამომდინარე აზრთა სხვადასხვაობამ შეიძლება გუნდის შიგნით გამოიწვიოს ერთგვარი კამათი, დისკომფორტი რაც რა თქმა უნდა აუცილებლად იქნება გადატანილი მოედანზე, ერთმანეთთან ურთიერთობაში აისახება და ეს საბოლოო ჯამში აისახება წარუმატებლობაზე. ზუსტად ამით ცდილობენ დაანგრიონ ქართული სპორტი, იმიტომ, რომ ბოლო ხანებში ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ წარმატებებს ქართული სპორტისას და სამწუხაროა, რომ მათ ეს არ უხარიათ“, - აღნიშნა კაჭარავამ.
დავით კაჭარავა აღნიშნავს, რომ ეთანხმება სპორტსმენების პოზიციას „არა აგრესიას“. მისი თქმით, ყველა ამისკენ მივილტვით, რომ აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ პოზიციას აფიქსირებ, მაშინ უამრავი ძალიან კარგი რაღაც ხდება ამ ქვეყანაში და ისიც უნდა დააფიქსირო.
„ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში ძალიან ხმამაღალი განცხადებები და ამ სპორტსმენებს მივმართავ იფიქრონ სპორტზე, თავის გუნდელებზე, თავის მეგობრებზე, ვინაიდან იმ შემთხვევაში თუ თავისი თანაგუნდელი, თავისი მეგობარი სხვა აზრს დააფიქსირებს ან საერთოდ არ დააფიქსირებს, ჩვენ ასეთი სიტუაციები ვნახეთ რამხელა კონფლიქტი შეიძლება ამ ყველაფრისგან შეიქმნას. ჩვენ ვნახეთ იმ ადამიანებზე, ვინც არ აფიქსირებენ პოზიციას რამხელა ზეწოლა მიმდინარეობს და შეურაცხყოფებიც. ამიტომ, იმ სპორტსმენებმა ვინც დააფიქსირეს პოზიცია, მათაც მივმართავ და ზოგიერთი მათგანი იძახის, რომ ეს არ არის პოლიტიკური შეხედულება, ეს არის თვითონ ფაქტთან მიმართებაში, ვთქვათ „არა აგრესიას“ - რა თქმა უნდა „არა აგრესიას“ ყველა ამისკენ მივილტვით, რომ აგრესია ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია, მაგრამ თუ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ამ პოზიციას აფიქსირებ, ეს ყველა შემთხვევაში აისახება, როგორც შენი პოლიტიკური პოზიცია და თუ ფიქრობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური პოზიცია, მაშინ უამრავი ძალიან კარგი რაღაც ხდება ამ ქვეყანაში და ისიც დააფიქსირე.
ვთქვათ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის პერიოდში რამდენი კარგი რაღაც მოხდა და მერე ვნახოთ რამხელა ბულინგის ქვეშ მოჰყვებიან, თუნდაც ნებისმიერი მარტივი ძალიან დიდი ქვეყნის წინ გადადგმული ნაბიჯი მათ რომ თავის სოციალურ ქსელში, "სთორიში" გამოაქვეყნონ, მაშინ ვნახავთ რამხელა ბულინგის ქვეშ მოჰყვებიან. ამიტომ დაანებონ სპორტსმენებს თავი, სპორტსმენებმა თავისი საქმე ძალიან კარგად იციან და ძალიან კარგად აკეთებენ, ამით მხოლოდ ზიანდება საქართველო, მთლიანი ჩვენი ინტერესი, სპორტსმენებმა აკეთონ თავისი საქმე, ძალიან დიდი პატივისცემით თითოეული მათგანის მიმართ, მაგრამ პოლიტიკაში მათი ჩართვა ვერანაირად ვერ შეიძლება კარგის მომტანი იყოს, როგორც გუნდისთვის, ასევე ქვეყნისთვის და ნებისმიერი მხარისთვის“, - აღნიშნავს დავით კაჭარავა.