„შეუსრულებელი მისია“ უწოდა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ ოპოზიციის მცდელობას დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ ნაციონალურო მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება არის ქვეყნის ხსნის ერთადერთი გზა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სწორედ ამის მცდელობაა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული ქარტიის გაფორმების ინიციატივა, რომლის შესახებაც ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობის აღდგენის დღისადმი გამართულ მიღებაზე ისაუბრა.
დავით კაჭარავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჯერად ოპოზიციის სიცრუის მანქანა ვერ იმუშავებს, რადგან ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ძალიან რთულია. ესეც რომ არა, „ხალხის ძალის“ წევრი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა ფარატინა ფურცელი, რომელსაც ფასი არ აქვს.
„ეს არის შეუსრულებელი მისია - ისეთი რამ შეადგინეს, რომლის განხორციელების თავადაც არ სჯერათ. ქართველი ხალხი ბრძენია და მას ასე ადვილად ვეღარ მოატყუებ. თუ ადრე იყო პერიოდი, რომ სიცრუის მანქანა ძლიერად მუშაობდა, დღეს საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ მათ [ოპოზიციას] გარედან დავალება მისცეს - უნდა გაერთიანდეთ და ამიტომ რაღაც საერთო პოზიცია დააფიქსირეს. მაგრამ, გვარამიას და ზურაბიშვილის ერთად ყოფნა და თითქოს ქვეყნის წინსვლისთვის, მისი უკეთესი მომავლისთვის მათი გაერთიანება, საერთოდ წარმოუდგენელია. ჩვენ გვახსოვს როგორ ლანძღავდნენ (რუსეთის აგენტი ყველაზე რბილი ნათქვამი იყო) ერთმანეთს. არა მხოლოდ ეს ორი ადამიანი, მთლიანობაში, ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირებულია სხვა პარტიებთან და ეს ქარტია ფარატინა ფურცელია ჩემთვის, რომელზედაც რაღაც დაწერეს საზოგადოების საჩვენებლად.
რეალურად ეს აღარ მუშაობს - საზოგადოების უმრავლესობა ძალიან კარგად ხვდება ამ მაქინაციებს, ხრიკებს, რომლითაც ოპოზიცია აგრძელებს საქმიანობას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად წინ დახვდათ თავისივე არასწორი ნაბიჯები, ჭკუა ვერ ისწავლეს და მაინც იგივე მანიპულაციებით, იგივე სიცრუის მანქანის ამოქმედებით ცდილობენ საზოგადოების კიდევ ერთხელ შეცდომაში შეყვანას და ეუბნებიან, რომ თურმე ეს გაერთიანება (არ ვიცი რა დავარქვა სხვა) არის ქვეყნის გადარჩენის გზა. ცდილობენ, რომ ამ სიცრუით მართონ ახალგაზრდები და თავგზა აურიონ მათ. ისინი ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ხელისუფლება არის გზას აცდენილი. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი და სერიოზულად ამის მიღება, ძალიან რთულია," - განაცხადა დავით კაჭარავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა - "ქართული ქარტია" წარადგინა და განაცხადა: საჭიროა, სხვანაირი ერთობა, სხვანაირი პარლამენტი, სხვანაირი არჩევნები და სხვანაირი მთავრობა! - ეს არის ერთობა ერთიანობის გარეშე!