"არანაცურ" ოპოზიციას ენმ-თან და გახარიასთან თანამშრომლობა მოუწევს, - ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნის შესახებ.
„სამომავლოდ „არანაცურ" ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა მოუწევს, ისევე, როგორც გახარიასთან მოუწევს თანამშრომლობა. ახალი წელი მოდის, 19 იანვრამდე სულ ქეიფი იქნება საქართველოში და ახალ პოლიტიკურ სეზონს, საგაზაფხულო სესიას, იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი შეხვდება უფრო მობილიზებული. მე ვვარაუდობ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულზე იქნება მცდელობები სხვადასხვა პრეტენზიული, პატარა თუ საშუალო პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ უკეთესი სასტარტო პირობებით შეხვდეს სამომავლო კონფიგურაციის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
რაც შეეხება იმას, დაბრუნდება თუ არა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ გასაძლიერებლად, დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვან როლს ვერ ითამაშებს.
„არც ღარიბაშვილი და არც კობახიძე ნამდვილად არ არიან მაღალრეიტინგული ფიგურები და შეუძლებელია მათ ეს არ იცოდნენ. მთავარი მოლაპარაკე თავი რომ კობახიძეა მათთვის, კობახიძის იმედად ალბათ არ დატოვებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ ძალას. მეტსაც გეტყვით, იმდენად გაცვეთილია ბიძინა ივანიშვილი, რომ არც ის მგონია, აქტიურად ჩაერთვება თუ არ ჩაერთვება პოლიტიკაში, ამან რაიმე მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.